წერეთლის გამზირი იანვრის ბოლოს ორმხრივად გაიხსნება - მერია მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტაზე

წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, საგზაო სამუშაოები იანვრის ბოლოს დასრულდება და მოძრაობაც ორმხრივად აღდგება. აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში აცხადებენ.

"თბილისის მერიას, უშუალოდ თბილისის მერს არაერთხელ გაუკეთებია განცხადება კონტრაქტორი კომპანიების უპასუხისმგებლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. თითქმის ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის პროცესში თავს იჩენს კონტრატორ კომპანიებთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ ხორციელდება მკაცრი მონიტორინგი და ხდება კომპანიების გაფრთხილება, დაჯარიმება ან ხელშეკრულების გაწყვეტა.

ანალოგიურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას, თუმცა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა არ იმოქმედებს ვადებზე და წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგება დათქმულ ვადაში,"- აცხადებენ დედაქალაქის მერიაში.

ცნობისთვის, თბილისის მერიამ წერეთლის რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანიას ხელშეკრულებები შეუწყვიტა. საქმე ეხება კომპანიებს - „მილენიუმ ბილდერს გრუპს“ (ორი ლოტი - ჯამში 21,564 მლნ ლარი) და "ერ ტე დეს" (ერთი ლოტი - 9,018 მლნ ლარი). მერიის განცხადებით, არსებულმა კონტრაქტორებმა არ შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები, რამაც პროცესის გაჭიანურება გამოიწვია.

თაია არდოტელი