"ლუფთჰანზა" მფრინავებისთვის ჯანმრთელობის დაუგეგმავი შემოწმებების ჩატარებას აპირებს

გერმანული ავიაკომპანია "ლუფთჰანზა" აპირებს მფრინავებს ჯანმრთელობის დაუგეგმავი შემოწმებები ჩაუტარონ იმ მიზნით, რათა ისეთი ავიაკატასტროფების პრევენცია მოხდეს, როგორიც დაახლოებით ორი თვის წინ "ჯერმანვინგის" ლაინერმა განიცადა.

ამის შესახებ "ლუფთჰანზას" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარსტენ შპორმა გერმანულ მედიას განუცხადა. მისივე თქმით, შემოწმებები შესაძლოა, მოიცავდეს დოპინგ-ტესტებსაც.

"ლუფთჰანზას" კუთვნილი კომპანია "ჯერმანვინგის" სამგზავრო ლაინერმა კატასტროფა საფრანგეთის ალპებში მარტის ბოლოს განიცადა. გამოძიებამ დაადგინა, რომ პილოტმა ანდრეას ლუბიცმა თვითმფრინავი განზრახ დააჯახა მთებს, რის შედეგად 150 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ მფრინავს ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებდა.