საქართველოში ინტერნეტ კომპანიებს ინფრასტრუქტურის გაქირავების ვალდებულება გაუჩნდებათ

საქართველოში ინტერნეტ კომპანიებს ინფრასტრუქტურის გაქირავების ვალდებულება გაუჩნდებათ - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მცირე და საშუალო ოპერატორების ასოციაციის ხელმძღვანელმა, უჩა სეთურმა ისაუბრა.

„ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა თბილისში, ახალ კორპუსებში. მაგალითად, თუ ერთ კორპუსში „სილქნეტმა“ გააკეთა დაქსელვა და იმავე კორპუსში „მაგთიმაც“ გადაწყვიტა ინტერნეტის შეყვანა, მას თავიდან უწევს ამ პროცესის სრულად გავლა. ჩვენი მიზანია, რომ ეს მიდგომა შეიცვალოს და მოხდეს ინფრასტრუქტურის გაქირავება.

დაახლოებით 2 კვირაში გვაქვს შეხვედრა დანიშნული კომუნიკაციების კომისიასთან, რომ ამ თემის ეკონომიკურ-ტექნიკურ საკითხებზე ვისაუბროთ. გაზაფხულზე უკვე ველოდებით, რომ რეგულაცია იქნება, ზაფხულში კი ამოქმედდება.

უჩა სეთურის თქმით, კომპანიები ამით არაფერს კარგავენ. „ისინი გახდებიან ინფრასტრუქტურის გამქირავებლები და თავის ფულს მაინც აიღებენ. საცალო სერვისები ნაწილი იქნება კომპანიის, ნაწილი - სხვისი“ - ამბობს სეთური.

მან აღნიშნა, რომ ეს სერვისი მთელს მსოფლიოში მიღებულია და ამის განსაკუთრებით კარგი მაგალითია დიდი ბრიტანეთი.

უჩა სეთურმა აღნიშნული სერვისის აქამდე არარსებობის მიზეზზეც ისაუბრა. „მიზეზი, რომ ეს სერვისი აქამდე არ არსებობდა, არის ის, რომ სულ რამდენიმე კომპანია ოპერირებდა ბაზარზე და როცა ამისი საშუალება აღარ იქნება, კონკურენციას რაღაც ეშველება“, - განაცხადა მან.

ეკა დარჩიაშვილი