თბილისის მერია 1,625 მლნ ლარის ელექტრონულ ტაბლოებს ყიდულობს

თბილისში ავტობუსის გაჩერებებზე 250 ერთეული ახალი საინფორმაციო ელექტრონული ტაბლო დამონტაჟდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 1,625-მილიონიანი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ტენდერში წინადადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყება და 16 თებერვალს დასრულდება.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტაბლომ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის გამოტანა სხვადასხვა რეჟიმში და სხვადასხვა ზომის შრიფტით. ასევე, ტაბლოს უნდა ჰქონდეს ვიდეოს ჩვენების საშუალება როგორც სრულ ეკრანზე, ასევე ნაწილობრივად, ფერადი გამოსახულებით; გარდა ამისა, ტაბლოზე ტემპერატურის აზომვა უნდა მოხდეს ლოკალურად; ტაბლოს საათის გასწორება შესაძლებელი უნდა იყოს ცენტრალიზებულად და ა.შ.

ამასთან, დოკუმენტაციის მიხედვით, შუქდიოდური ტაბლოს საუკეთესო ხილვადობის მანძილი უნდა იყოს 4 მეტრიდან 20 მეტრამდე, ექსპლუატაციის ტემპერატურა უნდა იყოს -20℃-დან +60℃ -მდე; ტაბლო აღჭურვილი უნდა იყოს ვენტილაციის და გათბობის სისტემით, რომელიც ავტომატურად ჩაირთვება მაღალი ან დაბალი ტემპერატურების დროს“, - აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.