ჩინეთის მოსახლეობა მეორე წელია მცირდება - CNN

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, ჩინეთში მოსახლეობა მეორე წელია მცირდება, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდ მეორე ეკონომიკას დემოგრაფიული გამოწვევისა და სამუშაო ძალის შემცირების წინაშე აყენებს. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ცნობით, ჩინეთის მოსახლეობამ შემცირება 2022 წლიდან დაიწყო და 2023 წელს მისი მოსახლეობა 1.409 მილიარდამდე შემცირდა.

„დემოგრაფიული შემცირება პირდაპირ გავლენას ახდენს ჩინეთის სამუშაო ძალაზე. 2022 წელს 16-დან 59 წლამდე მოქალაქეთა რიცხოვნობა 10.75 მილიონით შემცირდა, მაშინ როდესაც 60 წელზე მეტი ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 16.93 მილიონით გაიზარდა.

1949 წლის შემდეგ, რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა ჩინეთში შობადობის მაჩვენებელიც. კერძოდ, 2023 წელს ქვეყანაში დაახლოებით 9.02 მილიონი ბავშვი დაიბადა,“ - წერს CNN.

რაც შეეხება ეკონომიკას, გამოცემის ცნობით, 2022 წელს ჩინეთის ეკონომიკა 3%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი მაჩვენებელი 5.2%-მდე გაიზარდა, თუმცა, მიუხედავად ზრდისა, ეს გასული სამი ათწლეულის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგია.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მთავრობამ 2015 წელს დემოგრაფიული პრობლემის გადასაჭრელად „ერთი ბავშვის“ შესახებ პოლიტიკა გააუქმა, რაც ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მოსახლეობის სწრაფ დაბერებასა და სამუშაო ძალის შემცირებას უწყობდა ხელს.

ავტორი: მერი ტაბატაძე