საუდის არაბეთში "ოცნებების ქალაქი" შენდება

"მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის" მშენებლობა 2035 წელს დასრულდება და იგი დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დაჯდება. როგორც დეველოპერები აცხადებენ, ახალი ქალაქი წითელი ზღვის აუზის რეგიონში მთავარი ლოგისტიკური და მრეწველობითი ცენტრი იქნება.

"მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის" პროექტი 2006 წელს საუდის არაბეთის მეფე აბდულას ინიციატივით შეიქმნა. ქალაქი ქვეყნის ამჟამინდელ სავაჭრო ცენტრ ჯიდადან 100 კილომეტრში შენდება. როგორც ვარაუდობენ, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქში უამრავი ინდუსტრიული პარკი, საავადმყოფო და სკოლა იქნება. ქალაქში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დასახლდება.

მშენებლების პროგნოზით, "მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქი" ასევე მსოფლიოში საუკეთესო 10 საპორტო ქალაქს შორის მოექცევა. ინოვაციური ქალაქის მშენებლობას ორგანიზებას კომპანია Emaar Economic City უწევს, რომელიც ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიას წარმოადგენს საუდის არაბეთში. "ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ პროდუქტი, რომელშიც ადამიანებს სურვილი ექნებათ განახორციელონ ინვესტიციები", - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაჰდ ალ-რაშედმა.  ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია, "ოცნებების ქალაქში" 3 000 ადამიანი უკვე ცხოვრობს.