სახელმწიფო საწარმოები სახაზინო მომსახურებაზე გადადიან

სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოებს კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის ვალდებულება ეკისრებათ. ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 2024 წლის 15 იანვრის დადგენილებაში.

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო საწარმოებმა სახაზინო მომსახურებაზე გადასვლიდან 30 დღეში კომერციულ ბანკებში გახსნილი ანგარიშები უნდა დახურონ, ხოლო ანგარიშებზე დარჩენილი ნაშთები ხაზინის ანგარიშზე უნდა მიმართონ.

„სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციულ ბანკებში საბანკო გარანტიების, სესხებისა და აკრედიტივების უზრუნველსაყოფად გამოყენებული და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული თანხების გადატანა ხაზინის ერთიან ანგარიშზე და კომერციულ ბანკებში ანგარიშების დახურვა განხორციელდეს აღნიშნული საბანკო გარანტიების, სესხების, აკრედიტივებისა და ვადიანი დეპოზიტების ვადის ამოწურვის შემდეგ,“ - ვკითხულობთ დადგენილებაში.

სახაზინო მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, სახელმწიფო საწარმოების ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელების ფინანსური ოპერაციები, ოპერაციები უცხოური ვალუტითა და დეპოზიტებით, მხოლოდ ხაზინის ანგარიშის გამოყენებით უნდა განხორციელდეს. დაუშვებელია აღნიშნული ოპერაციების განხორციელება კომერციულ ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე.

ამასთან, დადგენილების თანახმად, სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ, სახელმწიფო საწარმოების მიერ კომერციულ ბანკებში დამატებითი შემოსულობის მიღების მიზნით, ანგარიშების გახსნა და მათზე თანხების გადატანა განხორციელდეს კოდექსის შესაბამისად.

ავტორი: მერი ტაბატაძე