საქართველოში მაღალი სიჩქარის ინტერნეტი 136%-ით ძვირია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში

ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი 136%-ით ძვირია, - ამის შესახებ აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებულ Teligen-ის კვლევაში.

კვლევის თანახმად, ევროპის ქვეყნებში ოჯახების დაახლოებით 55% 100 მბ/წმ-იანი ან უფრო მაღალი ინტერნეტ სიჩქარით სარგებლობს, საქართველოში კი აბონენტების მხოლოდ 1%-ს, კერძოდ, 4 ათას აბონენტს აქვს 100 მბ/წმ ან უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.

რაც შეეხება მობილურ მომსახურებას, 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.

„მაღალი მოცულობის პაკეტებზე საქართველოში ფასები უფრო მაღალია, კერძოდ, 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთის ღირებულება, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია, ხოლო 20 გბ. ინტერნეტი და ულიმიტო წუთები 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 36%-ით უფრო ძვირია.

რაც შეეხება იურიდიულ პირ აბონენტებს, მათთვის 10 გბ. ინტერნეტი და 1795 წუთი 1%-ით უფრო მაღალია, ვიდრე კვლევაში შემავალ ქვეყნებში არსებული ანალოგიური პაკეტების საშუალო ფასი. ხოლო 5 გბ. ინტერნეტი და 577 წუთი საქართველოში 32%-ით უფრო იაფია. 20 გბ. ინტერნეტისა და ულიმიტო წუთების ფასი კი 36%-ით უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების საშუალო ფასი ანალოგიურ პაკეტებზე,“ - ნათქვამია კვლევაში.

როგორც კომუნიკაციების კომისია აცხადებს, ნახევარ მილიონზე მეტი თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ოჯახისთვის, ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებიდან ყველაზე იაფი პაკეტების ღირებულება, ევროპულ საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, რასაც რეგიონების შემთხვევაში, სააქციო ფასები განაპირობებს.

„კომბინირებულ შეთავაზებებში აბონენტებისთვის ტელევიზიის 20 არხისა და ოპტიკური 25 მბ/წმ-იანი სიჩქარის ინტერნეტ პაკეტის ღირებულება, 24 ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 43%-ით, ხოლო თბილისში 24%-ით უფრო ნაკლებია. ტელევიზიის 30 არხისა და 100 მბ/წმ-იანი მაღალი სიჩქარის ოპტიკური ინტერნეტ პაკეტი კი, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს რეგიონებში 35%-ით, ხოლო თბილისში 30%-ით ძვირია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ევროპის ქვეყნებთან შესადარებლად, გამოყენებულია „მაგთიკომისა“ და „სილქნეტის“ მომსახურებების ფასები, რადგან აღნიშნული კომპანიები ფლობენ საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის 70%-ზე მეტს და მომხმარებელს სთავაზობენ როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილურ ინტერნეტს.

მერი ტაბატაძე