წითელი ზღვის კრიზისი შუა დერეფნის პოტენციალს ზრდის - თურქი ექსპერტი

წითელი ზღვის კრიზისმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალისა და გლობალურ ვაჭრობაში მისი გამოყენების ახალი შესაძლებლობები გააჩინა. ამის შესახებ გადამზიდავთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა, შერაფეტინ არასმა თურქულ ბიზნესგაზეთ Economy-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთს შეუძლია, ამ პროექტის განხორციელებაში წამყვანი როლი ითამაშოს.

„წითელ ზღვაში განვითარებულმა მოვლენებმა შუა დერეფნის მნიშვნელობა გაზარდა. თურქეთს, თავისი ლოგისტიკური და საინვესტიციო პოტენციალით, შეუძლია, წამყვანი როლი შეასრულოს ამ პროექტის განხორციელებაში და გლობალური ვაჭრობის შესაძლებლობების გახსნაში, განსაკუთრებით, ევროპასა და აზიას შორის,“ - აცხადებს არასი.

ასოციაციის ხელმძღვანელი იხსენებს, რომ ტრანსკასპიური დერეფანი გლობალურ ლოგისტიკურ დღის წესრიგში 2000-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა და, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფციის ფარგლებში, გახდა ეფექტური მარშრუტი საქონლისა და მგზავრების სახმელეთო ტრანსპორტირებისთვის ჩინეთიდან ევროპის ქვეყნებში.

„რუსეთსა და ჩინეთთან დასავლეთის ურთიერთობებში დაძაბულობამ, ასევე, ევროკავშირი-აშშ-ის სანქციების გაფართოებამ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ შუა დერეფანი დასავლეთის ეკონომიკებისთვის მიმზიდველი გახადა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინური პროექტის, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ერთ-ერთი მთავარი არტერია ცენტრალურ აზიაზე გადის, თურქულ სამყაროში უმნიშვნელოვანეს „თურანის დერეფნის“ პოტენციალი მხოლოდ გაიზრდება,“ - აცხადებს არასი.

ცნობისთვის: ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR), იგივე, შუა დერეფანი ჩინეთისა და ევროკავშირის საკონტეინერო სარკინიგზო სატვირთო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის, თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის გავლით აკავშირებს. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა კასპიისა და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინისა და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან აკავშირებს. ამ დერეფნის ნაწილია ექსპლუატაციაში შესული ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც.

შუა დერეფანი ხელს უწყობს ტვირთების გადაზიდვის ზრდას ჩინეთიდან თურქეთამდე, ასევე, ევროპის ქვეყნებში და საპირისპირო მიმართულებით. ამ დერეფნის გასწვრივ გამავალ სამარშრუტო მატარებელს ტვირთი ჩინეთიდან ევროპაში, საშუალოდ, 20-25 დღეში ჩააქვს, რაც ამ სატრანსპორტო დერეფნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.

2025 წლისთვის შუა დერეფნის გამტარუნარიანობის 10 მილიონ ტონამდე გაზრდა იგეგმება, რაც აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში წერია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ