აფხაზეთში ზაფხულის გატარებაზე მოთხოვნა 5-6-ჯერ გაიზარდა

წლევანდელი ზაფხულის სეზონისთვის აფხაზეთი ერთ-ერთ ყველაზე აქტიურად დაჯავშნილ მიმართულებად იქცა, სადაც ტურების დაჯავშნის რაოდენობა შარშანდელ მაჩვენებელს რამდენჯერმე აღემატება. მონაცემები რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვებგვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, კომპანიების, Intourist-ისა და FUN&SUN-ის ექსპერტების ცნობით, ადრეული დაჯავშნების ეტაპზე გაყიდვების მოცულობა 5-6-ჯერ აღემატება მსგავსი აქციის ერთი წლის წინანდელ შედეგებს. ტუროპერატორ ALEAN-ის წარმომადგენლებმა იანვრის შუა რიცხვებისთვის, გასული წლის ანალოგიურ თარიღთან შედარებით, მოთხოვნის 2,5-ჯერ ზრდა დააფიქსირეს. კომპანია „დელფინში“ აცხადებენ, რომ აფხაზეთის ცალკეულ სასტუმროებსა და სანატორიუმებში საგზურების გაყიდვები 80%-ით გაიზარდა, ხოლო Multitour-ში მოთხოვნის 25-30%-იან ზრდაზე საუბრობენ.

ტურიზმის ბაზრის მონაწილეები წლევანდელ ზაფხულის სეზონზე აფხაზეთის კურორტებზე დაჯავშნის რაოდენობის ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ. პირველ რიგში ეს აფხაზეთის კურორტების ხელმისაწვდომობა და ადრეული დაჯავშნის მიმზიდველი პირობებია. აფხაზეთის გაზრდილ პოპულარობას, ასევე, დაბრუნებული ტურისტების აქტიურობას და განსახლების ობიექტების გაუმჯობესებულ კონცეფციას უკავშირებენ. ამასთან, გაიზარდა ობიექტების რაოდენობა საშუალო ფასის სეგმენტში, რაც საოჯახო დასვენებაზე არის ორიენტირებული. რუსული ტუროპერატორები, ასევე, მოსახერხებელ ლოგისტიკაზე საუბრობენ, რომლის დროსაც ტურისტებს შეუძლიათ, თვითმფრინავით ან მატარებლით მარტივად მოხვდნენ სოჭში და იქიდან ტრანსფერით აფხაზეთში ჩავიდნენ.

ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები გაგრა, ბიჭვინთა, გუდაუთა, ახალი ათონი და სოხუმია. ყველაზე მეტად იჯავშნება საშუალო დონის სასტუმროები საცურაო აუზებით, რომლის სერვისშიც ყოვლისმომცველი კვება, „სრული პანსიონი“ და აქტიური ანიმაცია შედის. ამასთან, გაიზარდა მოთხოვნა დიდი ტევადობის ოთახებზე. რუსები, ასევე, საზაფხულო კოტეჯებითაც უფრო ხშირად ინტერესდებიან.

ყველაზე პოპულარული 7, 9, 10 და 14-დღიანი დაჯავშნებია.

რუსული ტუროპერატორები წლევანდელი საზაფხულო სეზონის პიკს აფხაზეთში 25 ივნისიდან 27 აგვისტომდე მოელიან.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ