თურქეთში დაგეგმილი ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას თბილისში გააპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები "ვეგან ბაზა" და "მწვანე მუშტი" თურქეთში დაგეგმილი ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას დღეს თბილისში, თურქეთის საელჩოსთან გააპროტესტებენ.

როგორც აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, ეს პროექტები დიდ საფრთხეს შეიცავს არა მარტო თურქეთსთვის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებისთვისაც.

"თურქეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული ექსპანსიური და ზედემტ მოხმარებაზე ორიენტირებული ენერგოპოლიტიკის შედეგად, დღეს თურქეთის ტერიტორიაზე ორი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება. 2010 წელს ხელი მოეწერა რუსეთსა და თურქეთს შორის ხელშეკრულებას მერსინის პროვინციაში 4800-მეგავატიანი, სამრეაქტორიანი ელექტროსადგურის აშენების თაობაზე, ხოლო 2013 წელს თურქეთის ხელისუფლებამ იაპონურ კომპანია "მიცუბიშის მძიმე მრეწველობასთან" და ფრანგულ კომპანია "არევასთან" ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქალაქ სინოპთან (ჩრდილოეთ თურქეთი, შავიზღვისპირეთი) 4480-მეგავატიანი, ოთხრეაქტორიანი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე. საქმეში ჩართულია სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა და მის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები, რომლებიც ქმნიან ნაყოფიერ ნიადაგს დეზინფორმაციისთვის და ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ თურქეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი სეისმურად აქტიურია, რაც გამოწვეულია არაბეთისა და ევრაზიის ფილაქნების ტექტონიკური რღვევევითი პროცესებით. გამომდინარე აქედან, ნებისმიერი მცირე სეისმური აქტივობა შესაძლებელია გახდეს კატასტროფის მიზეზი. ეს არ გახლავთ მხოლოდ თუქეთის ნაციონალური უსაფრთხოების პრობლემა, არამედ მთლიანად რეგიონს აყენებს საფრთხის ქვეშ", - ნათქვამია "ვეგან ბაზისა" და "მწვანე მუშტის" განცხადებაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თურქეთის მემარცხენე ეკოლოგისტური მოძრაობები, საბერძნეთის, სომხეთისა და საქართველოს მოძრაობებთან ერთად, დღეს ერთობლივი აქციების გამართვას გეგმავენ. სოლიდარობის აქცია თბილისში, თურქეთის საელჩოსთან გაიმართება.