„წელს გვინდა დავიწყოთ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, ასევე ვგეგმავთ ახალი აეროპორტის მშენებლობას, რადგან გვინდა ქვეყანა რეგიონულ საავიაციო ჰაბად ვაქციოთ, ამაში საქართველოს ხელს მდებარეობაც უწყობს. ჩვენ გვაქვს სრული პოტენციალი გავხდეთ რეგიონული საავიაციო ჰაბი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც გააორმაგებს მის გამტარუნარიანობას და წელიწადში 48 მლნ ტონა ტვირთის დონეს მიაღწევს. ასევე 2024 წელს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის დასრულება იგეგმება.
„ორი წლის წინ ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას. ჩვენ - ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს - გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა ამ დერეფნის განვითარებისთვის და ვიცით, რაც უნდა გაკეთდეს: პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოება, პროდუქტიულობის წინსვლა, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება“, - დაამატა პრემიერმა.