გუდაურში ევროპელი ტურისტები რუსების სიმრავლის გამო აღარ ჩამოდიან - ცოტნე ჯაფარიძე

ბაკურიანსა და გუდაურში ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, რის გამოც კურორტებზე პროდუქტების, თუ სარესტორნე ფასები თავისთავად აწეულია. დამსვენებლების თქმით, წყალი 5 ლარი ღირს, პური 10 ლარამდე, პიცა კი 43 ლარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ მმართველი პარტნიორი, ცოტნე ჯაფარიძე ამბობს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან საქართველო თავადაა ძვირი ქვეყანა, ბაზარი კი თავისით რეგულირდება.

„გუდაურში ძალიან ბევრჯერ ვიყავი. ბაკურიანი გაუმართავი და დამახინჯებულია ინფრასტრუქტურული კუთხით, ბეტონის ჯუნგლებით, იქ სირცხვილია ტურისტის წაყვანა და ამიტომ, მხოლოდ გუდაურში დამყავს ტურისტები. ფასების ზრდა ნორმალურია, რადგან თბილისშიც ძალიან ძვირი ღირს პირველადი მოხმარების, თუ სარესტორნო პროდუქტები და კურორტზე ამგვარი ფასმატება ნორმალურია. ბიზნესის გაკიცხვა ამ კუთხით არ არის მართებული. ეს სხვა პრობლემის შედეგია. ლონდონშიც კი, ჩვეულებრივი პროდუქტები, ხორცი და პური, საქართველოზე ბევრად იაფი ღირს“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ამის გარდა, ცოტნე ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ წელს ბევრად ნაკლები ტურისტია, ვიდრე ბოლო წლებში, რაც საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების სიმრავლითაა გამოწვეული, რადგან როდესაც ტურისტები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ქართულ ტელევიზიებს და გამოცემებს თვალს ადევნებენ, იქ საუბარი სულ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლეზეა.

„ტურისტთა რაოდენობა მოკლებულია და ეს სასრიალო ტრასებზეც იგრძნობა. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ რომელი საინფორმაციოც არ უნდა გახსნას პოტენციურმა მოგზაურმა, საქართველოზე მხოლოდ ცუდი იწერება, რომ ჩვენ ვართ რუსების თავშესაფარი. იყო მრავალი შემთხვევა, როდესაც ჯავშანი სასტუმროში გააუქმეს და როდესაც ვიკითხეთ, რა იყო ამის მიზეზი, პასუხად გაგვცეს, რომ რუსეთში რომ სდომოდათ წასვლა და დასვენება, რუსეთში წავიდოდნენ და არა საქართველოში“, - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

ასევე წაიკითხეთ: „პური -10 ლარი, პიცა - 43 ლარი, წყალი - 5 ლარი“ - რა ფასები დაგხვდებათ გუდაურისა და ბაკურიანის კვების ობიექტებში?

ბაჩანა ტყემალაძე