„ჩვენს ქვეყანაში ინოვაციებს ექსპორტის მიმართულებით ხელშეწყობა არ აქვს“ - შაფრანის მწარმოებელი

ჩვენს ქვეყანაში ინოვაციებს ექსპორტის მიმართულებით ხელშეწყობა არ აქვს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შაფრანის მწარმოებელმა, ფერმერმა რუსუდან ხარაბაძემ განუცხადა.

ხარაბაძე ორგანულ შაფრანას საგარეჯოს პლანტაციაში 2018 წლიდან აწარმოებს. მას შაფრანი ნახევარ ჰექტარზე აქვს გაშენებული და მიზნად ისახავს ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას. მისი თქმით, წარმოების გასაფართოებლად ფინანსური დახმარება სჭირდება, თუმცა ეს სხვადასხვა სირთულესთან არის დაკავშირებული.

გარდა ამისა, ორგანული შაფრანა საჭიროებს ხელით დამუშავებას, რაც დაკავშირებულია მუშახელის პრობლემასთან. როგორც რუსუდან ხარაბაძე აცხადებს, ადგილობრივ ბაზარზე მუშახელიც გაძვირდა.

„მუშახელის პრობლემაც არსებობს - ძალიან გაძვირდა, თავიდან 20 ლარს ვუხდიდი დღეში მუშას, შემდეგ 25 ლარს, დღეს უკვე 50 ლარი მომთხოვეს დღეში“, - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

მანვე ისაუბრა ექსპორტზეც და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე როგორც ადგილობრივ, ისე საზღვარგარეთ ინდივიდუალურად ყიდულობენ მისგან ორგანულ შაფრანას. ბაზარზე 1 გრამი შაფრანის ფასი 10-11 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ბიზნესის საწყის ეტაპზე რუსუდან ხარაბაძე აპირებდა შაფრანის ისრაელის ფარმაცევტულ ბაზარზე გატანას, თუმცა მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა. ქართული შაფრანის ექსპორტზე გატანა წელსაც ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება. როგორც ის აღნიშნავს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საფრანგეთისა და იტალიის ბაზრებზე გასასვლელად.

„ჩვენს ქვეყანაში ინოვაციებს ექსპორტის მიმართულებით ხელშეწყობა არ აქვს. გაფართოება მინდოდა, მჭირდებოდა ფინანსური დახმარება, თუმცა დახმარება არ არსებობს. მოლაპარაკებები თავად მაქვს ექსპორტზე გასატანად. ისრაელთან მქონდა მოლაპარაკებები, თუმცა არ გამოვიდა. მოლაპარაკებებს ვაწარმოებ როგორც ფარმაცევტულ ბაზარზე, ისე კულინარიის მიმართულებით“, - აღნიშნა რუსუდან ხარაბაძემ.

მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე შაფრანი მეტ-ნაკლებად იყიდება, მეტწილად ინდივიდუალურად, ხოლო ქსელური მარკეტების დაინტერესება არ არსებობს.

ცნობისთვის, საგარეჯოს პლანტაციაში ორგანული შაფრანი 2018 წლიდან იწარმოება. რუსუდან ხარაბაძეს შაფრანის წარმოებისთვის ბიო სერტიფიკატი უკვე აქვს.

მერი ტაბატაძე