რომელია სტალინის 5 აგარაკი აფხაზეთში და ცდილობენ თუ არა რუსები მათ დასაკუთრებას

ნაახალწლევს აფხაზეთში სტალინის მორიგ აგარაკზე მორიგი სკანდალი ატყდა. ადგილობრივი საზოგადოება აღაშფოთა ინტერნეტსა და ზოგიერთ Telegram-არხზე გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც უცნობი რუსი ბიზნესმენი „ბელადის“ რიწის ტბის აგარაკის ფონზე მისი შესყიდვისა და გეგმების შესახებ საუბრობს.

ზოგადად, სტალინის აგარაკები აფხაზურ რეალობაში დროდადრო ხმაურისა და დაპირისპირების თემად იქცა. ეს უფრო მგრძნობიარე მას შემდეგ გახდა, რაც 2022 წლის ივლისში, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე საზღვაო აკვატორიის რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადაცემის შეთანხმება ჯერ რატიფიკაციისთვის შევიდა, ხოლო გასული წლის 26 დეკემბერს რატიფიკაციით დასრულდა.

2015 წელს დე ფაქტო ხელისუფლებამ ტურისტებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სტალინის 5 აგარაკი გახსნა. ეს ობიექტები, ერთის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს კონტროლს ექვემდებარება, თუმცა, როგორც ჩანს, ამას მხოლოდ ფორმალური სახე აქვს.

...და მაინც, სტალინის რა აგარაკებია აფხაზეთში და ეუფლებიან თუ არა მათ რუსები ეტაპობრივად.

რიწის ტბის აგარაკი

რიწის ტბის შორეულ, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სტალინის აგარაკი 1947 წელს აშენდა. ის მხოლოდ დასვენებისთვის იყო განკუთვნილი და მაშინდელი უახლესი ტექნიკით გამოირჩეოდა. ამასთან, რიწის აგარაკზე დამონტაჟებული იყო ორი თეთრკეციანი კერამიკისგან დამზადებული აბაზანა, რომელშიც წყალი რამდენიმე საათი არ ცივდებოდა. აგარაკს ემსახურებოდა 50-მდე ადამიანი: მზარეული, დამლაგებელი, პარიკმახერი, მედდა, მებაღე, მძღოლი და ტოქსიკოლოგი, რომელიც „ბელადისთვის“ დამზადებულ ყველა საკვებს ამოწმებდა.

ცნობილია, რომ სტალინი აგარაკზე სულ ხუთჯერ იმყოფებოდა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ აგარაკით ნიკიტა ხრუშოვი და ლეონიდ ბრეჟნევი სარგებლობდნენ. ამჟამად ის საექსკურსიო ობიექტად აქტიურად გამოიყენება. აგარაკის გვერდით პატარა ორსართულიანი სასტუმროც არის გახსნილი, სადაც ოთახები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის ქირავდება, ვისაც ტბის ულამაზეს ტყიან გარემოში სეირნობა უყვარს.

სწორედ არსებული სტუმარმასპინძლური ბიზნესაქტივობის ფონზე გაჩნდა ინტერნეტში ვიდეორგოლი, რომელშიც უცნობი რუსი ბიზნესმენი სტალინის აგარაკის შეძენაზე საუბრობს

„ჩვენს მიერ შეძენილი კიდევ ერთი ქონება სტალინის სახლია, რომელიც აფხაზეთში გამართულ გაკოტრების აუქციონზე 850 ათას რუბლად (თითქმის, 10 000 დოლარად) ვიყიდეთ. ამ ულამაზესი, თვალწარმტაცი ადგილიდან მოგების მისაღებად სტალინის აგარაკზე კურორტის მოწყობას ვგეგმავთ. აქ უახლოეს მომავალში, დაახლოებით, 800 მლნ რუბლის (მინიმუმ, 9 მლნ დოლარის) გამომუშავებას შევძლებთ, როცა მის გაქირავებას მოსკოვის VIP-კლიენტებზე დავიწყებთ. აქ მეტად თვალწარმტაცი შემოგარენია რიწის ტბის ულამაზესი ხედით. მოწყობილ გარემოს ავთენტურად დავტოვებთ. უახლოესი მოგება, 800 მლნ რუბლის სახით, ხუთწლიან პერიოდზე გვაქვს გაწერილი. ამჟამად აქ ადგილის დასათვალიერებლად ვიმყოფებით,“ - აცხადებს ვიდეოში ანონიმური ბიზნესმენი.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელმწიფო აგარაკების სამმართველოს უფროსი, ბესლან კვიცინია, ერთის მხრივ, უარყოფს ინფორმაციას და აცხადებს, რომ „ამ აგარაკის ირგვლივ ჭორების გავრცელება ახალი ამბავი არ არის“ და ჯერ კიდევ 2005 წელსაც იგივე მოხდა, როცა მედია წერდა, თითქოს რუს ბიზნესმენსა და მილიარდერ ოლეგ დერიპასკას მისი შეძენა 10 მლნ დოლარად სურდა.

თუმცა, მეორეს მხრივ, კვიცინიას ეს განცხადება კიდევ უფრო მეტ ეჭვს იწვევს, რადგან 2005 წლის ანალოგი სტალინის რიწის აგარაკს კი არა, მის კიდევ ერთ აგარკს, „ცივ მდინარეს“ („ხოლოდნაია რეჩკას“) შეეხება.

„ცივი მდინარე“

ეს აგარაკი გაგრიდან 25 კილომეტრში, მთის თავზე, ფიჭვნარში მდებარეობს და მას ყველაზე გასაიდუმლოებულ აგარაკს ეძახდნენ. გადმოცემით, ერთხელ „ბელადმა“ გემიდან დაინახა თვალწარმტაცი ბუნება და იქ სასახლის აშენება მოინდომა, რასაც არქიტექტორები არ ურჩევდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ იმ ადგილზე შენობა 5 წელიწადასაც ვერ გაძლებდა. შედეგად სამსართულიანი შენობა უზარმაზარი აივნით აშენდა.

აგარაკზე იყო საბილიარდო და ცალკე კინოდარბაზი, რადგან სტალინი ფილმების დიდი მოყვარული ყოფილა, ასევე, თერმოაბაზანა, სამუშაო კაბინეტი უზარმაზარი მაგიდით და სამი საძინებელით. როგორც წესი, სტალინის ნებისმიერი აგარაკის მშენებლობის დროს უსაფრთხოების მიზნით ორი ან სამი საძინებელი აუცილებელი პირობა იყო არქიტექტორებისათვის.

2005 წელს „კომსომოლსკაია პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „ცივი მდინარის“ შეძენით ალუმინის მაგნატი, ოლეგ დერიპასკა იყო დაინტერესებული, ხოლო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ამ აგარაკის ბედს მთელი წელი განიხილავდა.

„საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, ის 10 მლნ დოლარად მიეყიდათ რუსული კომპანია Basic Element-ისთვის, რომელსაც ოლეგ დერიპასკა ხელმძღვანელობს,“ - წერდა გამოცემა.

თუმცა შემდეგ დერიპასკამ გადაიფიქრა და ამ საკითხზე საუბარი შეყწდა. „ცივი მდინარის“ შესახებ მაშინდელი აფხაზური პრესაც აქტიურად წერდა და ობიექტის მფლობელად მოსკოვის მაშინდელ მერს, იური ლუჟკოვსაც ასახელებდა.

ახალი ათონის აგარაკი

ის ახალი ათონის მონასტერთან ახლოს მდებარეობს. მთელი კომპლექსი 1947 წელს, სულ რაღაც ერთ წელიწადში აშენდა. მშენებლობაზე გერმანელი სამხედრო ტყვეები და საბჭოთა მეტროს მშენებლები მუშაობდნენ. მას, ისტორიკოსების ცნობით, კოდური სახელი, „ობიექტი N8 - მერცხლის ბუდე“ ეწოდა და „ბელადის“ რეზიდენცია იყო, სადაც ის არა მარტო ისვენებდა, არამედ მუშაობდა, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს მართავდა. ამჟამად ყოფილი სახელმწიფო აგარაკი ტურისტებისთვის არის ხელმისაწვდომი. აგარაკი იმდროინდელი კარგად შემონახული ინტერიერით, ორიგინალური ავეჯითა და ჭურჭლით გამოირჩევა.

მორიგი უცნობი რუსი ოლიგარქისთვის ახალი ათონის აგარაკის მიყიდვის სკანდალი გასული წლის ნოემბერში ატყდა. კერძოდ, აფხაზურმა ოპოზიციამ სარეკლამო განცხადება გაასაჯაროვა, რომლითაც, მათი მტკიცებით, „კერძო ნაკვეთის გაყიდვის ტექსტით სტალინის აგარაკის გაყიდვა იყო შენიღბული.“

სარეკლამო ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ქალაქ ათონის მისასვლელთან, ზღვიდან 400 მეტრსა და მთავარი გზატკეცილიდან 300 მეტრში 1300 კვადრატული მეტრ ფართობის ნაკვეთი იყიდებოდა, ხოლო სურვილის შემთხვევაში ფართობის 400 კვადრატული მეტრით გაზრდა არის შესაძლებელი.

„ობიექტი ოდნავ შემაღლებულ ადგილზე, ზღვაზე ხედით თვალწარმტაც ბუნებაში მდებარეობს, სადაც პალმები და ეგზოტიკური მცენარეებია. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი, ტურისტებისთვის კი საყვარელი ადგილია,“ - იუწყებოდა სარეკლამო განცხადება.

აგარაკის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია აფხაზურმა Telegram-არხ Respublica-მაც გაავრცელა, რომელიც, ასევე, ამტკიცებდა, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აგარაკი უცნობ რუს ოლიგარქზე იყიდებოდა.“

ეს ინფორმაცია ქალაქის მცხოვრებლების პროტესტის მიზეზი გახდა, რომლებიც, ადგილობრივი მედიის ცნობით, გასული წლის 21 ნოემბრის ღამეს, აგარაკის ღობის გარღვევით, მის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს. ისინი აფხაზეთის ხელმძღვანელობისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვდნენ. ამას ადგილზე დე ფაქტო შსს-ის სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზება მოჰყვა. ბესლან კვიცინიამ მოსახლეობასთან მაშინაც პირობა დადო, რომ „ეს ქონება არ გასხვისდება, იჯარით არ გაიცემა და არც გაიყიდება.“

სოხუმის აგარაკი

ორსართულიანი შენობა პირდაპირ სოხუმის დენდროპარკის ცენტრში მდებარეობს და ერთადერთია ყველა აგარაკიდან, რომელიც მწვანედ არ არის შეღებილი. ის ერთადერთია იმ მხრივაც, რომ სტალინი იქ არასდროს იმყოფებოდა. შენობა ტურისტებისთვის დაკეტილია, რადგან თავდაპირველად ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენცია იყო, შემდეგ კი ე.წ. ოფიციალური პირებისთვის დახურულ სასტუმროდ გადაკეთდა. შენობის დათვალიერება მხოლოდ გარედან, პარკში სეირნობისას არის შესაძლებელი.

მიუსერას აგარაკი

მისი შენობა ადრე მსხვილ სომეხ ნავთობმაგნატ ლიანოზოვს ეკუთვნოდა, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნიდან გაიქცა. მის ქონებასა და ავეჯს ადგილობრივი მცხოვრებლები მანამ ძარცვავდნენ, ვიდრე შენობა სახელმწიფო აღრიცხვაზე არ აიყვანეს. იქ სტალინის აგარაკი 1936 წელს მოეწყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დანაღმული იყო, რომ გერმანელებს ხელში არ ჩაეგდოთ. სტალინი მიუსერას რეზიდენციაში სულ 8-ჯერ, უკანასკნელად კი 1952 წელს იმყოფებოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ობიექტი სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის, იგივე, „კაგებეს“ იურისდიქციში გადავიდა.

1988 წლამდე აგარაკი დახურული დაწესებულება იყო და იქ ტურების მოწყობა სულ ახლახან დაიწყო. კერძოდ, აგარაკის მონახულება ბიჭვინთა-მიუსერას ნაკრძალის ტურში შედის (ეს ტური სსრკ-ის უკანასკნელი მმართველის, მიხეილ გორბაჩოვის აგარაკის მონახულებასაც მოიცავს, რომელიც იქვე აშენდა).

ტურისტებისთვის სტალინის მიუსერას აგარაკზე, თითქმის, ყველა ოთახი ღიაა. ინტერიერის უმეტესი ნაწილი აღდგენილია, თუმცა „ბელადის“ ორიგინალური ნივთები და ავეჯიც შემორჩენილია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ