საფრანგეთმა ციფრული შენგენის ვიზების გაცემა პირველმა დაიწყო

საფრანგეთი შენგენის ზონის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ციფრული ვიზების გაცემა დაიწყო. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ამ დროისთვის შენგენის ციფრულ ვიზებს მხოლოდ სპორტსმენებს, დელეგაციებსა და ჟურნალისტებს გაუფორმებენ, რომლებიც ქვეყანაში ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე ჩავლენ.

განაცხადის წარდგენა სპეციალური პორტალის საშუალებით არის შესაძლებელი. სერვისი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დოკუმენტები საკონსულო ოფისებსა და სავიზო ცენტრებში მისვლის გარეშე წარადგინონ.

მთლიანობაში, საფრანგეთი ოლიმპიადისთვის 70 ათასამდე ციფრული ვიზის გაცემას გეგმავს.

შენგენის ზონა 1985 წელს შეიქმნა. ამჟამად ის 27 სახელმწიფოს ტერიტორიას წარმოადგენს, რომლებმაც თავიანთ საზღვრებზე ვიზები და საბაჟო კონტროლი გააუქმეს.

გასული წლის ბოლოს შენგენის ზონაში გაწევრიანების პროცედურა ბულგარეთსა და რუმინეთშიც ამოქმედდა. ის ძალაში მარტში შევა. კერძოდ, უვიზო რეჟიმი ამ ეტაპზე მხოლოდ მათზე გავრცელდება, ვინც საზღვარს აეროპორტებითა და საზღვაო პორტებით გადაკვეთს, ხოლო სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი შენარჩუნდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ