ავტომობილების იმპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა - როგორია რეექსპორტის მაჩვენებელი

2023 წელს ავტომობილების იმპორტმა ყველა დროის რეკორდი მოხსნა. საქსტატის მონაცემებით, შარშან საქართველომ 3,162 მლრდ დოლარის ღირებულების (209 926 ერთეული) მსუბუქი ავტომობილი იყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 84,5%-ით მეტია. 2022-ში საქართველოში 1,714 მლრდ დოლარის ღირებულების (160 281 ერთეული) მანქანა შემოვიდა.

რეკორდული - 134,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა რეექსპორტის მიმართულებითაც. კერძოდ, 2023 წელს საქართველოდან გავიდა 2,126 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი (107 898 ერთეული), წინა წელს კი 905,7 მლნ დოლარის ღირებულების (79 887 ერთეული).

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-5 ქვეყანას, სადაც 2023 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით მსუბუქი ავტომობილი ვიყიდეთ და გავყიდეთ.

TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა:

  • აშშ - 1,832 მლრდ დოლარი (147 892 ერთეული)
  • იაპონია - 566,601 მლნ დოლარი (25 263 ერთეული)
  • გერმანია - 320,369 მლნ დოლარი (12 662 ერთეული)
  • თურქეთი - 81,280 მლნ დოლარი (2 272 ერთეული)
  • კორეა - 51,559 მლნ დოლარი (3 906 ერთეული)

TOP-5 ექსპორტიორი ქვეყანა:

  • ყირგიზეთი - 617,921 მლნ დოლარი (16 831 ერთეული)
  • ყაზახეთი - 591,856 მლნ დოლარი (39 896 ერთეული)
  • აზერბაიჯანი - 437,233 მლნ დოლარი (22 393 ერთეული)
  • სომხეთი - 298,552 მლნ დოლარი (17 337 ერთეული)
  • რუსეთი - 67,133 მლნ დოლარი (4 966 ერთეული)

მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდა, დიდი ალბათობით უკავშირდება მთავრობის მიერ 2023 წლის ივნისში მიღებულ იმ კანონს, რომლის მიხედვითაც 2024 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომობილების იმპორტი აიკრძალა. გამონაკლისი დაიშვა ამ ასაკის მხოლოდ იმ ავტომობილებზე, რომლებიც 2023 წლის 1-ელ დეკემბრამდე ჩაიტვირთა კონტეინერზე, თუმცა 1-ელ იანვრამდე ქვეყანაში ჩამოსვლა ვერ მოასწრო. ამასთან, აკრძალვა არ ეხებათ იმ ძველ ავტომობილებს, რომლებიც რეექსპორტზე გავა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ არ არის მიღებული ევრო 5 სტანდარტი.