საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს ეროვნული ბანკის ანგარიშს მოისმენს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე ეროვნული ბანკის 2014 წლის წლიურ ანგარიშს მოისმენს. დოკუმენტს დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე წარუდგენს.

2014 წლის ანგარიშში წარმოდგენილია ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლითაც საანგარიშო პერიოდში ქვეყნის ცენტრალური ბანკი ხელმძღვანელობდა. ანგარიშში ასახულია ეროვნული ბანკის შეფასებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებზე, რომლებიც 2014 წლის განმავლობაში არსებით გავლენას ახდენდა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობასა და ეროვნული ბანკის მიერ დასახული ამოცანების შესრულებაზე.

საანგარიშო დოკუმენტის მიხედვით, 2014 წლის განმავლობაში ინფლაციის მაჩვენებელი 2-4 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, 2014 წლის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების დინამიკაზე მნიშვნელოვან გავლენას სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში არსებული ინფლაცია და მათი ვალუტების გაცვლითი კურსის ცვლილება ახდენდა. წლის პირველ ნახევარში იმპორტული ინფლაცია ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან პარტნიორი ქვეყნების ვალუტათა საგრძნობი გაუფასურების ფონზე, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გამყარება ფიქსირდებოდა. შედეგად, იმპორტირებული სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდის ტემპი შედარებით შემცირდა და წლის ბოლოსთვის მისი წვლილი მინიმალური იყო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აღნიშნულ მიწოდების ფაქტორებთან ერთად, წლის ბოლოსკენ გაძლიერდა ინფლაციის მაჩვენებელზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორებიც. რეგიონში გამწვავებული პოლიტიკური ვითარების და სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არასახარბიელო ეკონომიკური ტენდენციების გავლენა უკვე საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა და საგარეო მოთხოვნის შესუსტება გამოიწვია. ექსპორტის კლებასთან ერთად მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა ფულად გზავნილებში, მოიკლო ტურისტული შემოსავლების ზრდის ტემპმა. შესუსტებულ საგარეო მოთხოვნას ნაწილობრივ აბალანსებდა ინვესტიციებისა და ადგილობრივი მოხმარების მატება, თუმცა ამან ვერ უზრუნველყო ქვეყნის ერთობლივი მოთხოვნის საკმარისი მატება, როგორც ეს წლის დასაწყისისთვის იყო ნავარაუდევი.

როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, ზემოაღწერილი საგარეო შოკების ფონზე, საყურადღებოა ასევე სავალუტო ბაზარზე განვითარებული მოვლენები. აშშ-ში დადებითი ეკონომიკური ტენდენციებისა და მოლოდინების პარალელურად, 2013 წლის ბოლოდან ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დაიწყო რაოდენობრივი შერბილების შემცირება და საბოლოოდ, 2014 წლის ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება მისი დასრულების შესახებ. აღნიშნული მოვლენების ფონზე, აშშ დოლარმა გამყარება დაიწყო. შედეგად, 2014 წლის დასაწყისიდან მსოფლიოს ვალუტები მნიშვნელოვნად გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ, თუმცა ლარის გაცვლით კურსზე ამ პროცესების გავლენა უფრო მოგვიანებით - წლის ბოლოს აისახა, ვინაიდან პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ვალუტის ზომიერი შემოდინებები ფიქსირდებოდა.

ეროვნული ბანკის მონაცმებით, 2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 4.8% შეადგინა. წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ტემპი არათანაბარი იყო. პირველი სამი კვარტლის განმავლობაში შედარებით მაღალი ზრდა ფიქსირდებოდა. ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდა 5.9%-ს შეადგენდა. მეოთხე კვარტალში მშპ-ს ზრდა საგრძნობლად, 1.8%-მდე შემცირდა.

ეროვნულმა ბანკმა 240-გვერდისგან შემდგარი 2014 წლის ანგარიში პარლამენტს აპრილის ბოლოს წარუდგინა. 22 მაისს ანგარიში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა განიხილა და დოკუმენტი უარყოფითად შეაფასა.