„ექიმებსაც რეპუტაციულად ვეხმარებით, რომ მეტი ნდობა იყოს პაციენტების მხრიდან“ - ე.წ „სანშაინ აქტი“ შესაძლოა, წელს ამოქმედდეს

ექიმების შესაძლოა, ფარმაცევტული კომპანიისგან მიღებული თანხის გასაჯაროების ვალდებულება წელსვე დაეკისროს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტი ექიმების მიმართ, პაციენტის მხრიდან ნდობის გაჩენას ემსახურება.

„ე.ს ჯერ კიდევ ათეულობით წლის წინ დაიწყო ამერიკაში, რადგან ფარმაცევტული მიმართულება საკმაოდ რთულია და მონიტორინგიც, მათ შორის. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინა დანერგეს ამერიკაში, შემდეგ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ეს უკვე გავრცელებულია და ამ პრაქტიკის საფუძველზე, ჩვენ გვინდა, რომ აღნიშნული საქართველოშიც შემოვიტანოთ და ყველაფერი ამ ბიზნესთან დაკავშირებული იყოს გამჭვირვალე, როგორც ფარმაცევტული კომპანიების, ისე ექიმების მხრიდან. ეს ერთგვარად ემსახურება იმ ნდობასაც, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ პაციენტსა და ექიმს შორის არსებობდეს ჩვენ ქვეყანაში. ეს პროექტი, სიმართლე გითხრათ, მინდოდა ონკოლოგიური მედიკამენტების პირდაპირ შესყიდვასთან ერთად დაგვეწყო, რადგან სამწუხაროდ ძალიან ბევრი კითხვებია ონკოლოგიური მედიკამენტების დანიშვნასა და მკურნალობასთან დაკავშირებით. ამიტომ ამ პროცესთან ერთად ბევრ სხვადასხვა რეფორმებს ვაკეთებთ, მაგალითად ონკოლოგიურ დიაგნოზების მიხედვა, რადგანაც სამწუხაროდ ძალიან ძველი გაიდლაინების გვქონდა მკურნალობის, ან საერთოდ არ გვქონდა, პირდაპირ საერთაშორისო გაიდლაინებს რომ მიებას და იქ არ იყოს კითხვას რატომ დანიშნა, რომელი მედიკამენტი, ბევრი დანიშნა თუ ცოტა ექიმმა, და ამით ერთგვარად ექიმებსაც რეპუტაციულად ვეხმარებით, რომ მეტი ნდობა იყოს პაციენტების მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მეტი კონტროლი იყოს, რომ სეთი დანაკარგები, "ქეშბექები" და ა.შ ნაკლებად იყოს, ან საერთოდ არ იყოს.

ჩემი სურვილია, რომ წელს იყო, თუმცა კონკრეტული თვის თქმა გამიჭირდება. ეს საკმაოდ მასშტაბური და მოცულობითი პროექტია. პირველ ეტაპზე საპილოტედ, ვცდილობდი, რომ ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის დაგვეწყო, შემდეგ გავრცელებულიყო სხვებზეც, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი ერთად, პარალელურად, რთულია“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცნობისთვის, „სანშაინ" აქტი, ეს არის გამჭვირვალობის აქტი, რომელიც თითოეული ექიმისა, თუ სამედიცინო პერსონალისთვის, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ჩარიცხული თანხების (კონკრეტული მედიკამენტების რეალიზაციის სანაცვლოდ, ან თუნდაც, არ იყოს რეალიზაცია და იყოს კონკრეტული მედიკამენტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება), შესახებ პროცედურებს ასაჯაროებს.

ნინი ქეთელაური