აფხაზები რუსულნომრიან ავტომობილებს სადაზღვევო ჯარიმებს 8-ჯერ გაუზრდიან

აფხაზეთში შესული რუსულნომრიანი ავტომობილებისთვის დაზღვევის პოლისის არარსებობის გამო ჯარიმა ამჟამინდელი 600 რუბლიდან 4-5 ათას რუბლამდე (7-დან 57 დოლარამდე) უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ ადგილობრივი ე.წ. სახელმწიფო კომპანია „გარანტ-სტრახოვანიეს“ დირექტორის მოადგილე, ახრა ქეცბამ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, ჯარიმის, თითქმის, რვაჯერ გაზრდა დაზღვევის ყიდვის სტიმული გახდება, რადგან არსებული ოდენობა ავტომობილების აფხაზეთში დასაზღვევად მფლობელების წახალისებას არ იწვევს. ქეცბა, ასევე, ავტოსაგზაო შემთხვევისთვის დაჯარიმების საფასურის გაზრდას მოითხოვს. მისი აზრით, ამ შემთვევაში ჯარიმა 1000 ან 1,500 რუბლით (11 ან 17 დოლარით) უნდა გაიზარდოს.

ავტომანქანების დაზღვევის შესახებ კანონი აფხაზეთში ჯერ კიდევ 2006 წელს მიიღეს, თუმცა ის მხოლოდ 16 წლის შემდეგ ამოქმედდა.

2023 წელს „გარანტ-სტრახოვანიემ“ აფხაზეთში, დახლოებით, 90 ათას რუსულნომრიანი ავტომობილი დააზღვია, საიდანაც 9,5 ათასი ონლაინ რეჟიმით არის დაზღვეული. ეს 2022 წელზე ორჯერ მეტია. აფხაზეთში დაზღვეული რუსულნომრიანი ავტომობილების მთლიანი ღირებულება 95 მლნ რუბლია (მინიმუმ, 1 მლნ დოლარია).

ამჟამად აფხაზეთში ოთხი კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც რუსეთიდან შესულ ავტომობილებს აზღვევენ. ეს ე.წ. სახელმწიფო და კერძო კომპანიებია. დაზღვევის ღირებულება 15 დღის განმავლობაში 1000 რუბლი (11 დოლარი), ხოლო 1 თვის განმავლობაში 1,500 რუბლია (17 დოლარია).

აღსანიშნავია, რომ აფხაზური სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილების მფლობელებისთვის ავტოდაზღვევა სავალდებულო არ არის. ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის არც ნებაყოფლობითი დაზღვევა მოქმედებს. კერძოდ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, როცა დამნაშავეები რუსები არიან, სადაზღვევო კომპანიები აფხაზ მფლობელებს ხარჯს დაუზღვეველ მანქანაზეც უნაზღაურებენ.

„ეს გადაწყვეტილება ადგილობრივ მოსახლეობასა და რუს ტურისტებს შორის დავის აღმოსაფხვრელად მივიღეთ,“ - აცხადებს ქეცბა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ