ვმუშაობთ ცვლილებებზე, რომლითაც მოსახლეობას უფრო გაუმარტივდება ქირასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები - მინისტრი

პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება კანონპროექტი და მისი მიღების შემდეგ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, პროექტზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

„ინიციატივაზე მუშაობა არის დასრულებული, პარლამენტს წარედგინება უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიაზე და მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი ურთიერთობები, რაც უკავშირდება ქირასა და იჯარას. რაც შეეხება გამოსახლებას, მას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ აღსრულების პოლიცია, თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს. მხოლოდ მას შემდეგ მოხდება გამოსახლება, რაც ხელშეკრულებით დადასტურდება, რომ ერთ-ერთი მხარე არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. თუმცა, მთელი ის პროცესი, რაც ახლა უწევს ადამიანს, რომ თუკი მის ბინაში ქირით ცხოვრობს ვინმე, არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება წლებიც ცხოვრობდეს, ბევრად უფრო შემოკლდება და სულ რამდენიმე თვეში დასრულდება ეს პროცესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.