წითელი ზღვის კრიზისი - სუეცის არხით ხორბლის მიწოდება ორ კვირაში 40%-ით შემცირდა

წითელ ზღვაში გემების მარშრუტის ცვლილების მზარდმა ტენდენციამ სუეცის არხით ხორბლის მიწოდება ბოლო ორ კვირაში, თითქმის, 40%-ით, ანუ წლიური თვალსაზრისით 0,5 მილიონ ტონამდე შეამცირა. ამის შესახებ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) განცხადებაში წერია.

Wheat Dashboard-ის მიხედვით, 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან აზიისა და აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებში ხორბლის მიწოდების, დაახლოებით, 8% სუეცის არხის გვერდის ავლით, სხვა მარშრუტებით განხორციელდა.

შედარებისთვის: დეკემბრამდე ალტერნატიულ მარშრუტებზე მოძრაობის წილი, საშუალოდ, 3% იყო, რაც იანვრის პირველ ნახევარში 42%-მდე გაიზარდა.

ევროკავშირიდან სუეცის არხის ალტერნატიული მარშრუტებით ხორბლის მიწოდებამ დეკემბრის დასაწყისიდან იანვრის შუა რიცხვებამდე, წინა წლის ანალოგიური პერიოდის 50 ათასი ტონის მაჩვენებლიდან 330 ათას ტონამდე გაიზარდა.

რუსეთიდან ალტერნატიული მარშრუტებით, ერთი წლის წინანდელ ნულოვან მოცულობასთან შედარებით, დაახლოებით, 190 ათასი ტონა ხორბალი გადამისამართდა, ხოლო უკრაინიდან ყველა მიწოდება კვლავ სუეცის არხით შესრულდა.

WTO-ს მონაცემებით, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან აზიასა და აღმოსავლეთ აფრიკაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 76 მლნ ტონა მარცვლეული, ზეთოვანი კულტურები და მათგან წარმოებული პროდუქტები იგზავნება, რაც ამ საქონლით გლობალური ვაჭრობის 17%-ს შეადგენს.

ცნობისთვის: Wheat Dashboard საინფორმაციო ინსტრუმენტია, რომელიც WTO-სა და მარცვლეულის საერთაშორისო საბჭოს (IGC) მიერ არის შემუშავებული. პროგრამა 2023 წლის მაისში, სასურსათო უსაფრთხოებაზე მზარდი გლობალური შეშფოთების მიმართ საერთაშორისო რეაგირების ფარგლებში ჩაეშვა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ