კვადრატულის ღირებულება 5 ათას ლარსაც აღემატება - რა ღირს ბინები თბილისის სხვადასხვა უბნებში?

2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3 პროცენტი). 2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი, ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 14.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის მე-4 კვარტალში ბინების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

  • მთაწმინდა - 5 528 ლარი;
  • ვაკე - 4 900 ლარი;
  • საბურთალო - 3 676 ლარი;
  • კრწანისი - 3 577 ლარი;
  • ჩუღურეთი - 3 480 ლარი;
  • დიდუბე - 3 375 ლარი;
  • ნაძალადევი - 3 361 ლარი;
  • ისანი - 3 273 ლარი;
  • გლდანი - 3 238 ლარი;
  • სამგორი - 3 065 ლარი.
თაია არდოტელი