„როსნეფტის“ მონოპოლიისგან აფხაზები რუსეთის მთავრობამ ვერ იხსნა - ამჯერად ისინი სახელმწიფო სათათბიროს მიმართავენ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი საავტომობილო საწვავის მიწოდების აღდგენის მიზნით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით მიმართავს. ამ საწვავით დატვირთული მატარებლები 2023 წლის ბოლოდან რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვარზე არის გაჩერებული.

16 დეკემბერს რუსეთის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელიც აფხაზეთში, ისევე, როგორც „სამხრეთ ოსეთში“ ნავთობპროდუქტების შეტანის ექსკლუზიურ უფლებას „როსნეფტსა“ და მის შვილობილ კომპანიებს ანიჭებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთმა აფხაზური კომპანიების მიერ სხვა კომპანიებისგან მანამდე შეძენილი საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარზე გააჩერა.

მას შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები თავიანთი არხებით რუსულ მხარესთან ამ საკითხის მოგვარებას ცდილობენ. კერძოდ, წლის დასაწყისში მათ რუსეთის სახელმწიფო ორგანოებს საგანგებოდ მიმართეს, რომ ნაახალწლევს, პირველ სამუშაო დღეებში რაიმე სახის რეაგირება ჰქონოდათ. თუმცა არაფერი შეცვლილა.

ამჯერად დე ფაქტო პარლამენტი დახმარებისთვის რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართავს.

დე ფაქტო პარლამენტის წევრი, ბადრა ფილია აცხადებს, რომ საწვავის ბაზარს აფხაზეთში მონოპოლია ემუქრება, თუკი აფხაზი მიმწოდებლები რუსეთში საწვავს მხოლოდ „როსნეფტისგან“ შეიძენენ.

ამჟამად აფხაზეთში მხოლოდ ბენზინგასამართი სადგურები ფუნქციონირებს, რომლებიც საწვავს „როსნეფტისგან“ ყიდულობენ.

ფილია აანონსებს, რომ დე ფაქტო პარლამენტი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დაჩქარებული წესით მიღებას გეგმავს. იქ 19 იანვარს საწვავის კომპანიების შეშფოთებულ წარმომადგენლებთან შეხვედრაც გაიმართა, რომლის დროსაც მათ განაცხადეს, რომ საწარმოების ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია.

კერძოდ, საწვავის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის, „АЗиД“-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ 2023 წლის 21 დეკემბრიდან რუსეთის მხარე ე.წ. საზღვარზე არ ატარებს მათი საწვავის უკვე გადახდილ და დეკლარირებულ მოცულობებს, „რის გამოც მათი ბენზინგასამართი სადგურების მუშაობა შეჩერებულია.“

ცნობისთვის: აფხაზურმა კომპანიებმა, რომლებიც ადრე ნავთობპროდუქტებს „ლუკოილისგან,“ „გაზპრომისგან,“ „ტატნეფტისგან“ და სხვა მიმწოდებლებისგან ყიდულობდნენ, ამჯერად საწვავი მხოლოდ „როსნეფტისგან“ ან მისი შვილობილი კომპანიებისგან უნდა შეიძინონ, მაშინ, როცა მათ ადრინდელ მიმწოდებლებთან უკვე კონტრაქტები აქვთ გაფორმებული და ფულიც აქვთ გადახდილი.