კაკაოს მარცვალზე მსოფლიო ფასებმა 47-წლიან ისტორიულ მაქსიმუმს გადააჭარბა

იანვრის დასაწყისიდან კაკაოს მარცვლებზე ფასებმა 47 წლის წინ დაფიქსირებული ისტორიული რეკორდი მოხსნა. Forbes-ის შეფასებით, შოკოლადის პროდუქტების ძირითადი ნედლეულის დეფიციტი ზედიზედ მესამე სეზონია, გრძელდება და მომავალში შესაძლოა, მსხვილი საკონდიტრო კომპანიების მარაგიც ამოიწუროს.

მსოფლიო ბირჟებზე კაკაოს მარცვლის ფასები ისტორიულ რეკორდებს ხსნის. 23 იანვარს ლონდონის ICE-ბირჟაზე მარტის ფიუჩერსების ფასებმა, თბილისის დროით 19:00 საათისთვის, ტონაზე 3761 ფუნტ სტერლინგს (4769,5 დოლარს) მიაღწია. ნიუ-იორკის NYMEX-ბირჟაზე ამავე დროს ფასები ტონაზე 4709 დოლარამდე გაიზარდა. ორივე მაჩვენებელი ისტორიული მაქსიმუმია. საშუალოდ, კაკაოს მარცვლის ფიუჩერსები დღეისთვის ერთი წლის წინანდელ პერიოდზე 60-70%-ით მეტად ივაჭრება.

ამჟამინდელი ფასები აღემატება წინა ისტორიულ მაქსიმუმს, რომელიც 1977 წელს დაფიქსირდა, როცა კაკაოს მარცვლების ფიუჩერსები ტონაზე 4600 დოლარზე მეტად ივაჭრებოდა. ფასთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნახტომი 2011 წლით თარიღდება, როცა ფიუჩერსებმა ტონაზე, თითქმის, 3,800 დოლარს მიაღწია. ამის შემდეგ ფასები ტონაზე 1800-დან 2500-დოლარამდე დერეფანში შენარჩუნდა, ხოლო 2022 წლის ბოლოს სწრაფი ზრდა დაიწყო.

ფასები წარმოების შემცირების შედეგად მთელ მსოფლიოში კაკაოს მარაგის კლების გამო იზრდება. მთავარი მწარმოებელი ქვეყნები, ვისი წილიც კაკაოს მსოფლიო მარაგში, დაახლოებით, 60%-ია, კოტ დ'ივუარი და განაა. ამასთან, მსოფლიო ბაზარს დიდ მარაგს აწვდიან ინდონეზია, ნიგერია, კამერუნი, ეკვადორი და ბრაზილია. 2023 წელს დასავლეთ აფრიკის წარმოება ხანგრძლივი წვიმებით დაზარალდა.

Forbes-ის შეფასებით, კაკაოს მარცვლების გაძვირების კიდევ ერთი მიზეზი დოლართან მიმართებაში ბრიტანული ვალუტის შესუსტება, ასევე, გადაზიდვების გარკვეული დეფიციტია. კერძოდ, ფასების ცვალებადობის გამო კომპანიები კონტრაქტების დადებას არ ჩქარობენ და გადაზიდვებს ანელებენ. ინვესტორები სეგმენტს სარისკოდ მიიჩნევენ, რადგან საბოლოო პროდუქტებზე მაღალი ფასები კაკაოს მარცვლის მოთხოვნაზე უარყოფითად მოქმედებს.

პროგნოზების მიხედვით, კაკაოს მარცვალზე ფასთა ზრდა გაგრძელდება. თუ 2023 წელს კაკაოს ბაზარი 13,86 მლრდ დოლარად შეფასდა, 2028 წლისთვის მის 17,4 მლრდ დოლარამდე ზრდას მოელიან, ხოლო საშუალო წლიური ზრდის ტემპი 4,7%-ს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ