ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის თებერვალში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღეს გზა ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი, იმის, თუ როგორი მიდგომა აქვს „ქართულ ოცნებას“ ბათუმის მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ განაცხადა.
ლევან ანთაძის თქმით, ფრიდონ ხალვაშის გამზირი არის ბათუმის „ერთ-ერთი ცენტრალური არტერია“.
„ამ გზის მშენებლობა 2023 წლის თებერვალში უნდა დამთავრებულიყო. რამდენჯერმე ვადამ გადაიწია, ეს არის ცენტრალური გზა, ერთ-ერთი ცენტრალური არტერია, რომელიც ბათუმში შემოდის და იცით, მოსახლეობა რა დღეში იყო ამ გზის მშენებლობის დროს და ახლა ხედავთ, რომ ეს გზა არის დაუმთავრებელი, დაუსრულებელი. ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი და იმის, თუ როგორი მიდგომა აქვს „ქართულ ოცნებას“ ბათუმის მიმართ“, - განაცხადა ლევან ანთაძემ.
რეზო ხარაზის ინფორმაციით კი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2022 წლის 14 აპრილს გამოაცხადა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ერ ტე დე“-სთან ხელშეკრულება 13 ივნისს გააფორმა.
„ბათუმში ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2022 წლის 14 აპრილს გამოაცხადა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ერ ტე დე“-სთან ხელშეკრულება 13 ივნისს გააფორმა.
სამუშაოები 2023 წლის თებერვლამდე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ რამდენიმე ცვლილება ვადების გაგრძელებასა და პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განხორციელდა და საბოლოოდ, 2024 წლის 24 თებერვალს უნდა დასრულდეს“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.
აღნიშნული შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.