სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება -„მიმდინარეობს პროექტირების სამუშაოები“

სადგურის მოედანი და დადიანის ქუჩა ერთმანეთს საავტომობილო ხიდით დაუკავშირდება. აღნიშნულის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ მიმართულებით ახორციელებს. გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები და პროცესი მიმდინარეობს. თბილისის მერიის დაკვეთითა და აზიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით, დანიურმა კომპანია „რამბოლმა“ სამი წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო გეგმაზე იმუშავა. სამუშაოები დასრულდა და წარმოდგენილია დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი, რომელიც შეიცავს რიგ სარეკომენდაციო ხასიათის პროექტებსა და ღონისძიებებს, რომელთა მიზანია დედაქალაქში მდგრადი სატრანსპორტო სისტემის შემდგომი განვითარება 20-წლიან პერსპექტივაში. შემოთავაზებული პროექტების ნაწილზე მუშაობა უკვე დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად, ასეთია თბილისის ავტობუსის სატრანზიტო დერეფნის პროექტი, რომლის ფარგლებში ეწყობა საავტობუსო ინფრასტრუქტურა და შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, რომელიც ეტაპობრივად მიეწოდება დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს დადიანის ქუჩისა და სადგურის მოედნის დამაკავშირებელი ხიდის პროექტირების სამუშაოები.

როგორც მერმა აღნიშნა, პროექტი გულისხმობს სადგურის მოედნის განახლებასა და საავტომობილო კავშირის შექმნას, რომელიც პრიორიტეტს საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიანიჭებს.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, ეწყობა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა, რომელიც შეამცირებს გადაადგილების დროს, როგორც ავტობუსებისთვის, ისე კერძო ავტომობილებისთვის.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, თითოეული შემოთავაზებული პროექტისთვის გათვალისწინებულია მიზანშეწონილობის კვლევა, შესაბამისად, ყველა მათგანისთვის გავლენების ანალიზი უნდა ჩატარდეს.

თაია არდოტელი