„თითოეულ მარშრუტზე 3-4 ბრუნი ვარდება“ - რატომ იგვიანებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი

მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციას მუდმივად ცდილობს და დანიშნულების ადგილზე ყველაზე სწრაფად მისვლის უალტერნატივო საშუალებად განიხილავს, მოსახლეობის მხრიდან ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიმართ უკმაყოფილება მზარდია. საქმე ეხება ტრანსპორტის მოსვლის დროს და ახლა უკვე ტაბლოზე მითითებულ არასწორ განრიგსაც.

აღნიშნულის შესახებ სოციალური ქსელის პირად, დახურულ თუ საჯარო გვერდებზე უკმაყოფილებას უამრავი მოქალაქე გამოთქვამს.

ერთ-ერთი მათგანი ჩვენთან საუბრისას ამბობს რომ, ხშირია შემთხვევა, როდესაც ტაბლოზე ავტობუსის მოსვლის დრო 5 წუთი, ან კალებია მითითებული, თუმცა, მოულოდნელად განრიგი იცვლება და 40-45 წუთი ეწერება.

„ზოგადად, ავტობუსებისა და მარშუტკების მოსვლის ინტერვალი სულ პრობლემა იყო, მაგრამ ამას ემატება ტაბლოზე არასწორად მითითებული დროებიც. გუშინაც, დაახლოებით 10 წუთი ველოდე, დარჩენილი იყო მოსვლის დრო 5 წუთი, მოულოდნელად ტაბლოზე შეიცვალა მაჩვენებელი და 40 წუთი დაეწერა. თან საუბარია, ღამის 10 საათზე, იძულებული გავხდი ტაქსით წავსულიყავი, ზამთრის ყინვაში ნამდვილად რთულია 1 საათი ელოდო ტრანსპორტს. თითქმის ყოველდღიურობა გახდა ეს სიტუაცია“,- აცხადებს მოქალაქე.

„შეუძლებელია ჩვენი ტრანსპორტის იმედად, კონკრეტულ დროს რამე დაგეგმო ან ზუსტად განსაზღვრო, როდის მიხვალ დანიშნულების ადგილზე. ყოველ დღე, დაახლოებით 3-4 საათის გატარება მიწევს გზაში მხოლოდ იმიტომ, რომ ავტობუსი თავის დროზე ვერ მოდის, მერე როდესღაც მოვა და საცობში ვიჭედებით, არადა ამას თავის გზა აქვს. თითქმის ყოველ წელს ავტობუსებს და მარშუტკების ამატებენ, არ მგონია, რომ ეს მათი სიმცირის გამო ხდება. ალბათ, არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკა უფრო არის. ვითომ „ბას ლეინები“ გვაქვს, მაგრამ ხშირად, ეს ავტობუსები და მარშუტკები საერთოდ ვერც გადადიან თავიანთ გზაზე იმიტომ, რომ ზოგან ისევ მსუბუქი ავტომობილის ზოლში უწევთ მოძრაობა, ასევე, ბევრი კვეთაა, სადაც იჭედებიან საცობის გამო და ა.შ.“,- აღნიშნავს კიდევ ერთი მოქალაქე.

„ცივა, ყინვაა, ამ დროს, ავტობუსის მოსვლის დრო წერია 45 წუთი. როგორც იქნა, მოდის და 1000 კაცი „ვეტენებით“. რა თქმა უნდა, ყველა მაინც ვერ ადის. გაუსაძლისია უკვე“.

„სამსახურიდან გამოდიხარ დაღლილი, ავტობუსი მოდის 1 საათის დაგვიანებით, ვერ ადიხარ ან თუ ადიხარ, ყველა ერთმანეთს აზის. და, ეს ხდება ყოველდღიურად!“.

„ჩვენთან უკვე სულ პიკი საათია, არასდროს მოდის ავტობუსი და მარშუტკა თავის დროზე, სულ ველოდები, სულ ვაგვიანებ, სამსახურიდანაც გამომიშვებენ ალბათ, მალე“ - წერენ მოქალაქეები „ფეისბუქზე“.

„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საზოგადოებრივ ტრანსპორტს დაგვიანება უწევს.

როგორც ის ამბობს, იმის გამო, რომ სატრანსპორტო დერეფანი შეკრული არ არის და ავტობუსებს ავტომობილების ზოლშიც უწევთ გადაადგილება, დანიშნულების ადგილზე მისვლა გვიანდება, რაც ჯაჭვურად გადაეცემა და ყოველდღიურად 3-4 რეისი ვარდება.

„ძირითად შემთხვევაში ავტობუსი ხვდება საცობში, რის გამოც ვერ ასრულებს თავის მოძრაობის გრაფიკს. იმის გამო, რომ ერთ ადგილზე კონკრეტული მარშრუტი გაჩერდა, მეორე მიმართულებითაც ხდება ავტობუსების დაგვიანება, შესაბამისად, ერთი გაჩერება, შემდეგ ჯაჭვურად იწვევს ავტობუსების დაგვიანებას. ზოგადად, დადგენილია გრაფიკი, ყველა ავტობუსის მძღოლს აქვს წინ პატარა მონიტორი, რომელიც უჩვენებს დაგვიანებით მიდის, თუ თავის დროზე. ძირითად შემთხვევაში, მე ვმგზავრობ და ვაკვირდები, უჩვენებს, რომ დაგვიანებით მიდის. როგორც ვიცი ავტობუსის მძღოლებისგან, დღის განმავლობაში თითოეულ მარშრუტზე 3-4 ბრუნი ვარდება. ანუ 3-4 რეისით ნაკლები სრულდება ამ საცობების გამო.

ერთადერთი გამოსავალი აქ არის ის, რომ ყველა ავტობუსი მოძრაობდეს მისთვის გამოყოფილ ზოლში, ანუ სატრანსპორტო დერეფნები იყოს შეკრული. როგორც იცით კომპანია „სისტრამ“ შეადგინა ეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, შემოგვთავაზა 10 სატრანსპორტო დერეფანი. პროექტის მიხედვით, ეს უნდა იყოს სრულიად უწყვეტი. გასაგებია, რომ ერთიანად ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა, რადგან მაშინ მთელი ქალაქი უნდა გააჩერო. ამ 10-დან, როგორც მე ვიცი, არცერთი დერეფანი სრულად შეკრული არ არის.

აქ კიდევ არის მეორე პუნქტი, როდესაც „სისტრამ“ პროექტზე მუშაობის ფარგლებში, დაიანგარიშა, რა რაოდენობის ავტობუსებია საჭირო, რომ ამ დერეფნებში ავტობუსი თავის დროზე მოდიოდეს, ხალხი კომფორტულად მგზავრობდეს და ა.შ. დათვლილია რამდენიმე სხვადასხვა ტევადობის ტრანსპორტის რაოდენობა (ყველა ხაზზე არ არის დიდი ავტობუსების მოძრაობა საჭირო) და საჭიროა 860 ავტობუსი (დიდი, პატარა, საშუალო), 1000 მიკროავტობუსი, რომელიც უკვე შესყიდულია და მოძრაობს. თუმცა, ამის გარდა, კიდევ არის 200 განსაკუთრებულად დიდი ტევადობის ავტობუსი, რომელიც სწორედ ამ დერეფნებისთვის იყო განკუთვნილი. ეს 200 დიდი ავტობუსი ჯერჯერობით არ მუშაობს. მერიას უკვე შესყიდული აქვს 160, რომელიც ეტაპობრივად ჩამოდის, უბრალოდ, მათ სჭირდებათ საკუთარი ავტობაზა, რომლის მშენებლობაც ახლა მიმდინარეობს აეროპორტის ტერიტორიაზე. რაღაც ეტაპზე მაინც რომ დასრულდება, ეს ავტობუსები შემდეგ დაიწყებენ მოძრაობას ქალაქში, რადგან მათ სჭირდება დასუფთავება, საწვავით აღჭურვა და ა.შ.

ანუ, ავტობუსების დაგვიანების პრობლემა სრულად აღმოიფხვრება მხოლოდ ამ ორი პირობის შესრულების შემდეგ, პირველი, სატრანსპორტო დერეფნები რომ შეიკვრება და მეორე, როდესაც ამ დერეფნებზე გამოვა ეს 200 ავტობუსი, რომელიც გათვლილი იყო პროექტის მიხედვით“,- ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი.

ნინი ქეთელაური