გლდანის ხიდსა და დიღმის ჭალებს შორის მტკვრის კალაპოტისა და სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობა იწყება

თბილისის მერია გლდანის ხიდსა და დიღმის ჭალებს შორის მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტზე მუშაობას იწყებს.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გლდანის ხიდსა და დიღმის ჭალებს შორის მტკვრის კალაპოტსა და სანაპიროს რეკონსტრუქციის პროექტის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციას თბილისის მერი, მერის მოადგილეები და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დაესწრნენ. კონცეფციის მიხედვით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტით დასასვენებელი პარკის მოწყობა არის გათვალისწინებული. ტერიტორია 500 000 კვ.მეტრ ფართს მოიცავს.

კონცეფციის მიხედვით, მოხდება ტერიტორიის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა სანაპიროს სარეკრიაციო ფუნქციით განვითარება და თბილისის საზღვრებში არსებული ერთადერთი ბუნებრივი კუნძულის ათვისება.  როგორც პრეზენტაციაზე ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი ადგილი შეემატება. "დიღმის ჭალების ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა, ჩვენ მიერ ახლახან შემოთავაზებული კონცეფციის მიხედვით მოეწყობა ისეთნაირად, რომ ერთადერთი კუნძული მდინარე მტკვარზე დაკავშირდება ხიდების მეშვეობით. კუნძულზე კარგი გამწვანების ზონაა და საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითებზე დაყრდნობით გაკეთდება საფეხმავლო ხიდები და სპორტული ბილიკები. აღნიშნული პროექტი ამ ადგილს მიმზიდველს გახდის, განვითარდება ბიზნესსექტორი და ჩაიდება ინვესტიციები და რაც მნიშვნელოვანია, მოიზიდავს ტურისტებს", - განაცხადა ნარმანაიმ.

მისი ინფორმაციით, კონცეფციაზე მუშაობა უკვე დასრულებულია და უახლოეს მომავალში საჯარო კონკურსი გამოცხადდება. რაც შეეხება დაფინანსებას, მერიის ინფორმაციით, პროექტის განსახორციელებლად თანხები საბოლოოდ პროექტის სრულად მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფცია უკვე განიხილა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტეროტირიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ, რომელმაც არქიტექტურის სამსახურს განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაავალა, ხოლო თბილისის საკრებულომ აღნიშნული დავალება გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა. თბილისის არქიტექტურული სამსახური მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად მოამზადებს ტექნიკურ დავალებას, რის შემდეგაც დედაქალაქის მერია დეტალური პროექტის შესაქმნელად საერთაშორისო კონკურსს გამოაცხადებს.