იტალიაში კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებისთვის 10 ათასიდან 60 ათას ევრომდე ჯარიმები დაწესდება

იტალია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანებისთვის 10 ათასიდან 60 ათას ევრომდე ჯარიმას აწესებს. ინფორმაციას „ევროპულსი“ ავრცელებს.

ახალი კანონი რადიკალური გარემოსდაცვითი აქტივისტების „ეკოლოგიური ვანდალიზმისგან“ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვას ისახავს მიზნად.

ბოლო წლებში იტალიური ორგანიზაცია Ultima Generazione-ის აქტივისტებმა რომში კოლიზეუმის კედლებზე გრაფიტი დახატეს, ხოლო ვენეციის დიდი არხი მწვანედ შეღებეს. ამ გზით ისინი კლიმატის ცვლილების პრობლემებზე ყურადღების მიპყრობას ცდილობდნენ.

ასევე, დაჯარიმდებიან ის ტურისტებიც, რომლებიც ღირსშესანიშნაობებზე წარწერებს დატოვებენ.

დაზიანებული ობიექტების აღდგენა მნიშვნელოვან ხარჯს მოითხოვს, რაც გადასახადის ადგილობრივ გადამხდელებს აწვება ტვირთად. ასეთი მიდგომა ქვეყნის კულტურის სამინისტრომ უსამართლოდ მიიჩნია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ