„პროფესიონალი კადრები ამ სფეროში ძალიან ჭირს“ - როდის გაიხსნება პირველი თევზის ლაბორატორია საქართველოში

2024 წლის ბოლომდე საქართველოში თევზის ლაბორატორია გაიხსნება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „გურია ფიშ ფარმინგის“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, ლაბორატორია ტერიტორიულად გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, თევზის მეურნეობაში ამოქმედდება და მისი ინვესტიცია დაახლოებით 200 000 ევრო იქნება.

გიორგი ჩხაიძის თქმით, თავდაპირველად 3-4 ადამიანი დასაქმდება, თუმცა ეტაპობრივად მათი რიცხვი გაიზრდება.

„პროფესიონალი კადრები ამ სფეროში ძალიან ჭირს, მაგრამ გადამზადების შედეგად შესაბამისი კვალიფიკაციის მიღება, დიდი ალბათობით, არ უნდა გაგვიჭირდეს. ჯერჯერობით, ამაზე ლაპარაკი ნაადრევია“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ეს პირველი თევზის ლაბორატორია იქნება.

ეკა დარჩიაშვილი