დიჯიტალიზაციის ეპოქის მოთხოვნა - Mercedes-Benz გერმანიაში თავის 80-ივე ავტოსალონს ყიდის

Mercedes-Benz გაყიდვების ოპტიმიზაცის მიზნით გერმანიაში თავისი 80-ივე ავტოსალონის სხვადასხვა სადილერო ჯგუფისთვის მიყიდვას განიხილავს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ გერმანული ავტოკონცერნის პრესსამსახურში განუცხადეს.

მანამდე არაერთმა გერმანულმა გამოცემამ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონცერნი ქვეყანაში არსებული ყველა თავისი ავტოსალონის გაყიდვას აპირებდა.

„ევროპის სხვადასხვა ბაზარზე მეტად პოზიტიური გამოცდილების შემდეგ გერმანიაში ჯგუფის კუთვნილი ფილიალების უფრო დამოუკიდებლად ორგანიზების შესაძლებლობას ვიკვლევთ. ამდენად, გამოცდილ და ცნობილ სადილერო ჯგუფებზე მათი გაყიდვა გამორიცხული არ არის,“ - განმარტავენ კომპანიაში.

ავტოსალონების შესაძლო გაყიდვას კონცერნი იმის აუცილებლობით ხსნის, რომ „დიჯიტალიზაციისა და ელექტრომობილურობის ეპოქაში“ გაყიდვების ტრადიციული სტრუქტურების მომხმარებლებთან მუშაობას ოპტიმიზაცია სჭირდება.

„Mercedes-Benz AG-ის მიზანია, გაყიდვების წარმატება გრძელვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს, ამიტომ გადავწყვიტეთ, საცალო ქსელის საკუთარ სტრუქტურებს ყოველმხრივ გადავხედოთ,“ - აცხადებენ კომპანიაში.

გაყიდვის შემთხვევაში არსებული 80 ობიექტისთვის კომპეტენტურ და გამოცდილ მყიდველებს შეარჩევენ, ხოლო მთლიანი ქსელის ერთ ხელში გადაცემას კონცერნი გამორიცხავს. ასევე, გამორიცხულია მათი დახურვა და იქ მომუშავე 8 ათასამდე თანამშრომლის გათავისუფლება.

Mercedes-Benz Group AG (ყოფილი Daimler AG) მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელია. ის 1883 წელს შეიქმნა. 2023 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებით, კომპანიის პერსონალი 167 727 ადამიანს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ