Equinor ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში წილისა და სხვა აზერბაიჯანული აქტივების გაყიდვით 400 მლნ დოლარამდე იზარალებს

ნორვეგიული ნავთობკომპანია, Equinor (EQNR.OL) თავისი აქტივების, მათ შორის, აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოსა და ნავთობსადენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანში კუთვნილი წილების აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია SOCAR-ისთვის მიყიდვას დათანხმდა. თუმცა გარიგების თანხა არ სახელდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მართალია, Equinor ფასს არ ასაჯაროვებს, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ კომპანია ტრანზაქციისგან 300-დან 400 მლნ დოლარამდე ზარალს დააფიქსირებს, რადგან საბალანსო ღირებულება გარიგების ოდენობას აჭარბებს.

„Equinor თავისი ნავთობისა და გაზის საერთაშორისო ბიზნესის რეორგანიზაციის პროცესშია. აზერბაიჯანში აქტივების გაყიდვა შეესაბამება ჩვენს სტრატეგიას საერთაშორისო პორტფელზე ფოკუსირების შესახებ,“ - აცხადებს კომპანიის საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელი, ფილიპ მატიე.

Equinor-ის ოფიციალური პოზიციით, გარიგების ღირებულება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„ფასით კმაყოფილი ვართ და ეს ხელშეკრულების დახურვის დროს ჩვენს ანგარიშში გამოჩნდება,“ - ამბობს მატიე.

ნორვეგიული კომპანია აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოზე 7,27%-იან, ხოლო ბთჯ-ის ნავთობსადენში 8,7%-იან წილს ფლობს. ასევე, კასპიის ზღვის შელფზე და ყარაბაღის ნავთობსაბადოების განვითარებაში კომპანიის წილი 50%-ს შეადგენს.

ცნობისთვის: ნორვეგიული ენერგეტიკული კომპანიის მიერ აზერბაიჯანული აქტივების გაყიდვაზე ინფორმაცია პირველად Bloomberg-მა გასული წლის აგვისტოში წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

სააგენტო კომპანიის ამ აქტივების მთლიან ღირებულებად, დაახლოებით, მილიარდ დოლარს ასახელებდა. Equinor აზერბაიჯანული აქტივების პოტენციური მყიდველების ინტერესთა შესაფასებლად Jefferies Financial Group-თან თანამშრომლობდა. Bloomberg დაინტერესებულ მყიდველებს შორის SOCAR-ს (ბთჯ-ში 25%-იანი წილით), ამერიკულ ExxonMobil-სა (2,5%) და იაპონურ Inpex-ს (2,5%) ასახელებდა. თუმცა SOCAR-ს, კონტრაქტის პირობებით, Equinor-ის წილის შეძენაზე უპირატესი უფლება ჰქონდა.

Equinor აზერბაიჯანში 1992 წლიდან ოპერირებს და ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ