წყლის ტარიფის გადახედვის თხოვნით "რუსთავის წყალმა" სემეკს მიმართა

წყლის ტარიფის გადახედვის თხოვნით სემეკს "რუსთავის წყალმა" მიმართა. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიაში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა, რადგანაც კანონით განსაზღვრული დოკუმენტაცია სრულყოფილად წარმოდგენილი არ იყო.

როგორც სემეკში აცხადებენ, სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, "რუსთავის წყალს" განესაზღვრა ვადა კომისიაში დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენისთვის. დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის შემდეგ, კომისია საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ იმსჯელებს.

"რუსთავის წყალი", "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან" და ,,მცხეთის წყალთან" ერთად, ერთი საინვესტიციო ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებას უწევს 49 932 აბონენტს ქ. რუსთავში, 4 713 აბონენტს გარდაბანში, 62 აბონენტს მარნეულში, მათ შორის, საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და კომერციულ ობიექტებს.

20 მაისს კომპანია "მცხეთის წყლის" მიმართვის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით, მცხეთაში მრიცხველის მქონე აბონენტებს წყლის გადასახადი გაუორმაგდათ. თბილისში წყლის ტარიფის გაზრდას ითხოვდა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიც", თუმცა სემეკ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვალა.