გაერო - სუეცის არხის გავლით ვაჭრობის მოცულობა 42%-ით დაეცა

წითელ ზღვაში გემებზე იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმებმა დიდი გავლენა მოახდინა სუეცის არხის გავლით ვაჭრობაზე და არხის გავლით ვაჭრობა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 42 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ გაერო-ს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ექსპერტმა, იან ჰოფმანმა განაცხადა.

”ძალიან შეშფოთებულები ვართ წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმების გამო,” - აღნიშნა გაერო-ს ექსპერტმა.

მისი თქმით, სუეცის არხზე ყოველკვირეულად გამავალი საკონტეინერო გემების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 67 პროცენტით, ნავთობის ტრანზიტი კი 18 პროცენტით შემცირდა.

წითელი ზღვა და სუეცის არხი მსოფლიო ვაჭრობის ცენტრალური სავაჭრო მარშრუტებია. სუეცის არხს ყოველწლიურად, დაახლოებით, 20 ათასი გემი გაივლის. იემენელი მეამბოხეების თავდასხმების გამო ბევრმა მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიამ გადაწყვიტა ამ მარშრუტისთვის თავის არიდება. აზიასა და ევროპას შორის მარშრუტზე საკონტეინერო გემებს უწევთ აფრიკის გავლით, შემოვლითი გზით სარგებლობა, რაც მნიშვნელოვნად მეტ დროს და საწვავისთვის ასობით ათასი ევროს ოდენობის დამატებით ხარჯებს მოითხოვს.

შეგახსენებთ, „ჰუსიტები“, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ „ჰამასს“, რეგულარულად ესხმიან თავს წითელ ზღვაში სავაჭრო გემებს დრონებითა და რაკეტებით მას შემდეგ, რაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო.