124 ათას ლარზე მეტი ხელფასი ერთ წელიწადში - რა ქონებას ფლობს მოსამართლე მანანა კობახიძე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 23 იანვარს შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი ტაბახმელაში, რომელშიც 70 000 დოლარია გადახდილი, ასევე, თბილისში მდებარე, 2 ბინის 36,19% და 41,99%-ანი წილები. ბინების ჯამური ღირებულება 65 000 აშშ დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, მანანა კობახიძის "საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე ირიცხებოდა 5 804,08 ლარი, American Express საკრედიტო ბარათზე - 23 000 ლარი, ხოლო რე ბანკის საკრედიტოზე - 9 853,36 ლარი.

დეკლარაციის მიხედვით, მანანა კობახიძეს, 2023 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, ასევე, თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე ხელფასის სახით აღებული აქვს 124 548 ლარი.

ცნობისთვის, მანანა კობახიძე 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 2016-2017 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. 2017 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა ის აირჩია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. 2018 წლის იანვარში, მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნად აირჩია, ხოლო 2021 წლის 1 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.

ნინი ქეთელაური