უცხოურ ვალუტაში სესხები გაძვირდა - როგორ შეიცვალა საპროცენტო განაკვეთები ლარში გაცემულ კრედიტებზე

2023 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13,69% იყო, დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი - 12,94%-მდე შემცირდა. შემცირება ფიქსირდება წლიურ ჭრილშიც, კერძოდ, 2022 წლის დეკემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 13,14% იყო.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბერში კლება უფრო მეტად ლარში აღებულ კრედიტებს შეეხო. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, დეკემბერში საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე ნოემბერთან შედარებით, 16,11%-დან 15,32%-მდე შემცირდა. მათ შორის იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 13,14%-დან 12,94%-მდე დაიკლო, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 17,70%-დან 17,23%-მდე. ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები წლიურ ჭრილშიც შემცირდა - 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 16,17%-ს შეადგენდა.

ლარში გაცემული სესხებისგან განსხვავებით, გაიზარდა საპროცენტო განაკვეთები უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2023 წლის დეკემბერში უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები 9,01%-ს შეადგენდა, ამავე წლის ნოემბერში - 8,58%-ს, ხოლო 2022 წლის დეკემბერში - 8,57%-ს.

ამასთან, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე განაკვეთმა წლიურად 9,11%-დან 9,52%-მდე, ხოლო ფიზიკურ პირებზე 6,78%-დან 7,31%-მდე მოიმატა.