რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებიდან დღემდე, საქართველომ სანქციების გვერდის ავლის 1 770 შემთხვევა აღკვეთა - მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სანქციების შემოღებიდან დღემდე, მებაჟე-ოფიცრებმა სანქციების გვერდის ავლის 1770 შემთხვევა დააფიქსირეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დაფიქსირებული შემთხვევებიდან საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია ან საქონელი უკან გააბრუნა.

„სანქციების შემოღებიდან დღემდე, 1770 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ხდებოდა სანქციების გვერდის ავლა. საქართველომ ან შეაჩერა ოპერაცია და ან აღნიშნული საქონელი გააბრუნა უკან. გარდა ამისა, დაახლოებით, 1000 შემთხვევაა ისეთი, როდესაც ბიზნესოპერატორებმა საბაჟო ორგანოს შესაბამისი კონსულტაციებისთვის მიმართეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესოპერატორები უბრალოდ ვერ ერკვევიან ან უნდათ გაერკვნენ სანქციების ნაწილში და პრევენციულად წინასწარ აცნობებენ საბაჟო ორგანოს. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესსექტორმა და სახელმწიფომ სანქციების აღსრულებასთან მიმართულებით“, - განაცხადა ხუციშვილმა.