საქართველოს რომელ ადგილებში იქნება პარაპლანით ფრენა შესაძლებელი - პარაგლაიდინგის ფედერაცია

2024 წლის იანვრის დასაწყისში, საქართველოში, პარაპლანით ფრენები აღდგა. პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ფრენები ამჟამად გუდაურში მიმდინარეობს და მალე პარაპლანით ფრენა შესაძლებელი იქნება როგორც ბაკურიანსა და ანანურში, ისე თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, მესტიაში და აგრეთვე კახეთში.

„ბაკურიანსა და ანანურში ფრენები მარტამდე აუცილებლად დაიწყება. მარტის მერე რამდენიმე ადგილი უნდა დაემატოს - კახეთი, მესტია და თბილისის მიმდებარე ტრიტორია. კახეთში საუბარია რამდენიმე წერტილზე, მესტიაში ალბათ, ერთი იქნება, ან ორი. ეს ცვლილებების საკითხია, რომელზე დასკვნაც მარტის ბოლოს იქნება“, - ამბობს ირაკლი კაპანაძე „ბიზნესპრესნიუსთან“.

ფედერაციის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა იმ პროცესებისა და მოლაპარაკებების შესახებ, რომლებიც ამჟამად მიმდინარეობს პარაპლანით ფრენების უფლებასთან დაკავშირებით.

„ეს არის სამთავრობო დადგენილება, რომელსაც სჭირდება პროექტი, განხილვა, შეჯერება და საბოლოო ჯამში დამტკიცება. საჰაერო სივრცეში უნდა გამოჩნდეს სივრცეები, რომლებიც პარაპლანებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი. ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ. ამას სჭირდება ბევრი უწყების მუშაობა, განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება. მოცემულ საკითხზე მუშაობა ზაფხულზე დავიწყეთ“, - განაცხადა ირაკლი კაპანაძემ.

მისივე თქმით, დღეს გვყავს 91 ლიცენზირებული მფრინავი, აქედან დაახლოებით 10 არის უცხოელი, 15 არის სოლო მფრინავი, დანარჩენი არის კომერციულად მფრინავი. ფრენების აკრძალვამდე 110 კომერციულად მომუშავე მფრინავი იყო.

შეგახსენებთ, რომ პარაპლანით ფრენები მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურში 2022 წლის 29 ივლისს პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციის ჩატარებისას კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში მყოფი რვა პირი გარდაიცვალა.

ამ ტრაგედიის შემდეგ, ფრენების უსაფრთხოების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობამ პარაპლანით ფრენის, ექსპლუატაციისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დროებითი წესი გასული წლის 10 მაისს მიიღო, ხოლო საკომიტეტო განხილვების შემდეგ, 2023 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები.

ახალი წესის შესაბამისად, საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც აქვთ ფრენის შესაბამისი კომპეტენცია/კატეგორია, ანუ ჩაბარებული ექნებათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, რომლის შედეგადაც მიიღებენ ერთწლიან ან სამწლიან ნებართვებს.

აღნიშნული წესების კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს, რომელიც ამავე დროს, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას უზრუნველყოფს.

ბაჩანა ტყემალაძე