რუსეთის საერთაშორისო რეზერვები მხოლოდ ერთ კვირაში თითქმის 6 მლრდ დოლარით შემცირდა

რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო რეზერვები 19 იანვრის მდგომარეობით 586,7 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინ, როცა 12 იანვრის მდგომარეობით რეზერვების მოცულობა 592,6 მლრდ დოლარი იყო. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშში წერია, რასაც TASS ავრცელებს.

რეზერვები ერთ კვირაში 5,9 მლრდ დოლარით, ანუ 1%-ით შემცირდა, რის მიზეზადაც ბანკი „უარყოფითი გადაფასების გავლენასა და საბიუჯეტო წესის ფარგლებში განხორციელებულ ოპერაციებს ასახელებს.“

საერთაშორისო რეზერვები ცენტრალური ბანკისა და რუსეთის მთავრობის განკარგულებაში არსებულ მაღალი ლიკვიდურობის უცხოურ აქტივებს წარმოადგენს, რომელიც შედგება სახსრებისგან უცხოურ ვალუტაში, სესხების სპეციალური წესებისგან, საერთაშოსრისო სავალუტო ფონდში სარეზერვო პოზიციისგან და მონეტარული ოქროსგან.

უკრაინის ომის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთის ბანკის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით, ფედერაციის ოქროს და სავალუტო რეზერვები გაიყინა. ამასთან, აიკრძალა ცენტრალურ ბანკის ყველა ტრანზაქცია, რომელიც მისი რეზერვებისა და აქტივების მართვას უკავშირდება, აგრეთვე, ტრანზაქციები ნებისმიერ იურიდიულ პირთან, ორგანიზაციასთან ან ორგანოსთან, რომელიც ცენტრალური ბანკის სახელით ან მითითებით მოქმედებს.

ცნობისთვის: 2023 წლის მაისის ბოლოსთვის საერთაშორისო რეზერვების მიხედვით ქვეყნების ტოპ 10-ეულში რუსეთს, 584,2 მლრდ დოლარით, მე-5 პოზიცია ეკავა (ლიდერი- 3,371 ტრლნ დოლარით ჩინეთია). მაისში რუსეთის ოქროსა და სავალუტო რეზერვები 11,6 მლრდ დოლარით შემცირდა.

უმსხვილესი საერთაშორისო ფინანსური კონგლომერატის, Citigroup-ის ექსპერტების მკაცრი პროგნოზის მიხედვით, Urals-ის მარკის ბარელ ნავთობზე 35-დოლარიანი ფასის შემთხვევაში რუსეთის ცენტრალური ბანკის იუანის რეზერვები მოკლე ვადაში ამოიწურება, რადგან ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო იუანს ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან დამდგარი ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად ყიდის. Citigroup-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის მთავრობა იუანში დენომინირებული სავალუტო რეზერვების გაზრდას მხოლოდ ბარელ Urals-ზე 60-დოლარიანი ფასის პირობებში შეძლებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც რეზერვები 2,5 წელიწადში ამოიწურება, თუ საფონდო კოტირება არსებულ დონეზე დარჩება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ