საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიცია, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი

ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის გამოყოფის შესახებ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, მთავრობამ ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციები გამართა. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტის განხილვა მოხდა კოალიციურ რეჟიმშიც. რა გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეკონომიკის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პოზიციას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თავად პარლამენტი დააფიქსირებს. "რა თქმა უნდა, იყო კონსულტაციები როგორც ბიზნესის, ისე თავად საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან და ამაზე მსჯელობა კოალიციურ რეჟიმშიც მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, დღეს თავად პარლამენტი დააფიქსირებს ამასთან დაკავშირებით პოზიციას ბიუროს სხდომაზე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა უპასუხოდ დატოვა კითხვა, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მომზადებული კანონპროექტი ავტორებმა უკან გაიწვიონ.