"დენიც გვაქვს, გზაც, თოვლიც, მაგრამ ხალხი არ არის" - ზამთრის სეზონი მესტიაში

საქართველოს ზამთრის კურორტები საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარი განხილვის საკითხს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რამდენად კარგად მიმდინარეობს მესტიაში ზამთრის სეზონი, რამდენად ბევრი დამსვენებელია და რა გამოწვევები არსებობს კურორტზე.

მესტიის სასტუმრო „შგედის“ ადმინისტრატორმა, თენგიზ სიჭინავამ, „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ ეს ზამთარი გამორჩეულია როგორც ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილურობით, ისე თოვლით და გზების მოწესრიგებით, მაგრამ სამწუხაროდ, მედიაში გავრცელებული დეზინფორმაციის გამო, სეზონი ჩავარდა.

„არც საბაგირო გათიშულა, არც ჩვენს სასტუმროში გაითიშა შუქი, ვრცელდება ტყუილები, რომ თითქოს გზა არ არის, მარილი არ იყრება და ა.შ. ეს სრული დეზინფორმაციაა. გზაც იწმინდება ყოველდღე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ტრანსპორტი შეზღუდულიყო და სწორედ ამ ტყუილების გამო ჩავარდა სეზონი. ამას ჩავარდნა ჰქვია, რადგან წინა წელს თოვლი არ იყო, მაგრამ ხალხი გვყავდა, ახლა გზაცაა, თოვლიც, ყველაფერია, მაგრამ ხალხი არ არის“, - განაცხადა სასტუმრო „შგედის“ ადმინისტრატორმა.

სასტუმრო „მესტია ინნის“ წარმომადგენელმა კი გვითხრა, რომ გზებზე დიდი პრობლემა არ არსებობს, მაგრამ პატარა სასტუმროები, რომლებსაც გენერატორი არ აქვთ, სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან.

„რეალურად გზებზე დიდი პრობლემა არაა, ამინდებიც ნორმალურია და ფრენებიც არის. ელექტროენერგიის პრობლემა სამწუხაროდ, იმ პატარა სასტუმროებშია, რომლებსაც გენერატორი არ აქვთ. სეზონი კი არც თუ ისე კარგია, გასულ წელთან შედარებით, ბევრად ნაკლები ხალხია“, - განაცხადა „მესტია ინნის“ წარმომადგენელმა.

ბაჩანა ტყემალაძე