"ვსწავლობთ 164 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევას" - ვინ არიან თანამდებობის პირთა შორის

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო დარღვევებს სწავლობს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, განახლებად კატალოგში, ამ დროისთვის, შესულია 164 მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის შემთხვევა, რომელშიც სულ მცირე, მაღალი რანგის თანამდებობის 169 პირი ფიგურირებს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მაღალი თანამდებობის პირთა შორის არის: 13 მოსამართლე, პარლამენტის 30 წევრი, მთავრობის წევრი და/ან მისი მოადგილე, ჯამში, 29, მუნიციპალიტეტის 56 თანამდებობის პირი.

„კორუფციის კუთხით საქართველოში ამჟამად არსებული ვითარება ხასიათდება, ერთი მხრივ, წვრილმანი კორუფციის შთამბეჭდავად დაბალი დონით და ამავე დროს, მაღალი დონის კორუფციის - თითქმის სრული დაუსჯელობით. სამწუხაროდ, კორუფციამ საქართველოში უკიდურესი – „სახელმწიფოს მიტაცების“ ფორმა მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით, „მმართველი პარტიის დამფუძნებლის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების განმარტებაში ჯდება“ და ამასთან, მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო „შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე.“

მაღალი დონის კორუფციის პრობლემის არსებობასა და სიმწვავეზე მიუთითებს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების დასკვნები, საერთაშორისო შეფასებები, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები, გამომძიებელი ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევების სულ უფრო მზარდი რაოდენობა.

საქართველოში კორუფციული დანაშაულის აღკვეთაზე პასუხისმგებელი ორგანოები (გენერალური პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) ქმედითი რეაგირების გარეშე ტოვებენ მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევებს. განსაკუთრებით, თუ მასში მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირები ფიგურირებენ. მაგალითად, პროკურატურისა და სუს-ის გასული წლების ანგარიშები აჩვენებს, რომ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც კორუფციული დანაშაულისთვის დააკავეს, მერი და ყოფილი გუბერნატორია. რეაგირების გარეშე რჩება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ პერიოდულად გაგზავნილი შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებული არიან გამოძიება დაიწყონ.

საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, კორუფციულ დანაშაულებთან ეფექტიანი ბრძოლა აუცილებლად გულისხმობს საჯაროდ გავრცელებული მაღალი დონის კორუფციის ყველა სავარაუდო შემთხვევაზე გამოძიების დაწყებას ან გამოძიების არდაწყების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილების საჯაროდ ხელმისაწვდომობას. ამის საწინააღმდეგოდ, სუს-ი და პროკურატურა ამ ინფორმაციას არც პროაქტიულად აქვეყნებენ და არც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში გასცემენ.

მაღალი დონის კორუფციის პრობლემის გადასაჭრელად, აუცილებელია, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და პროკურატურის კორუფციული დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება გადაეცეს დამოუკიდებელ ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელიც აღჭურვილი იქნება შესაბამისი რესურსებით, უფლებამოსილებითა და დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რათა მიუკერძოებლად და საგულდაგულოდ გამოიძიოს მაღალი დონის კორუფციის შემთხვევები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.