„შემოდის ირანული კივი და ყიდიან ქართულის ეტიკეტით“ - მეკივე ფერმერების გამოწვევა ადგილობრივ ბაზარზე

2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში კივის მოსავალი 30%-ით შემცირდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კივის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელმა, დემურ ფიფიამ განუცხადა.

როგორც ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, კივის მოსავლის შემცირებას კლიმატურმა ანომალიებმა და ახალმა დაავადებამ შეუწყო ხელი. დემურ ფიფიას თქმით, ახალი დაავადების გამო, გასულ წელს კივის საერთო ფართობების 10%-დან 20%-მდე გახმა.

„ჩვენმა კვლევითმა ინსტიტუტებმა ამ თემას თავი ვერ მოაბეს. შარშან ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი დელეგაცია 3 კაცის შემადგენლობით იტალიაში, სადაც არის ეს დაავადება გავრცელებული და იქიდან მივიღეთ დასკვნა, რომ ეს არის ბაქტერიული ავადმყოფობა, რომელიც მთლიანად ახმობს ხეს“, - აღნიშნავს ჩვენი რესპონდენტი.

დემურ ფიფიას თქმით, თავად მოიძიეს კივის მკურნალობის გზები და აპირებენ ბიო სამკურნალო საშუალებების შემოტანას. რაც შეეხება ფინანსებს, როგორც ის ამბობს, დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული, კერძოდ, 1 ჰექტარზე დაახლოებით 700-800 ლარის წამალია საჭირო.

„სამკურნალო გზების დადგენა საქართველოში ვერ მოხერხდა, ამიტომ თავად მოვიძიეთ. სამკურნალო საშუალება არის ბიო წამალი და ეკოლოგიურად სუფთაა. ეს წამალი უნდა შემოვიტანოთ, მაგრამ ჯერ საქართველოში უნდა დარეგისტრირდეს. შემდეგ მივყვებით მკურნალობის ეტაპებს“, - ამბობს დემურ ფიფია.

მისივე თქმით, გვალვამ და შემდეგ უკვე უხვმა ნალექმა ხელი შეუწყო სოკოვანი ბაქტერიის გავრცელებას. ამინდის ცვლილების გამო, განადგურდა კივის პლანტაციები.

„მოსავლის შემცირებას ხელი შეუწყო ბუნებრივმა ანომალიებმა. შარშანწინ იყო გვალვა, 3 თვე წვიმა არ მოსულა და შემდეგ 2 თვე გადაუღებლად წვიმდა, განადგურდა კივის პლანტაციები. სწორედ ამის შედეგად მივიღეთ სოკოვანი ბაქტერია, რომელიც კივს ანადგურებს, საერთო რაოდენობის 30% გაგვიხმა და ვცდილობთ, რომ მიმდინარე წელს შევავსოთ“, - დასძინა მან.

დემურ ფიფიასთან ვისაუბრეთ ადგილობრივ ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქართველოში შემოდის დიდი რაოდენობით იმპორტირებული კივი, ადგილობრივ ბაზარზე ხსნიან ეტიკეტებს და ყიდიან ისე, თითქოს ქართული კივია. დემურ ფიფიას თქმით, ბაზარზე ქართველი მეკივე ფერმერი დაუცველია არათანაბარი კონკურენციის პირობებში. აღნიშნული საკითხის მოგვარება კი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს.

„ბაზარში ძალიან იაფად შემოდის უხარისხო კივი, ვიზუალურად კარგია, მაგრამ შხამქიმიკატებით არის გაჯერებული. იმპორტი შემოდის განუსაზღვრელი რაოდენობით. პრობლემა ის არის, რომ შემოდის ირანული კივი და ყიდიან ქართულის ეტიკეტით. მთავრობამ უნდა მიხედოს ამას, მისი პრეროგატივაა“, - აცხადებს დემურ ფიფია.

გარდა ამისა, ქართველ მეკივე ფერმერებს გამოწვევას უქმნის ის, რომ იმპორტირებული კივი ბაზარზე გაცილებით იაფად იყიდება. მაშინ, როდესაც ქართული კივის წარმოება 2 ლარამდე ჯდება, იმპორტირებული კივის ღირებულება 1.2-1.3 ლარი ფარგლებში მერყეობს.

„ამას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, თორემ საქართველოში ქართული კივი მალე აღარ იქნება, იმიტომ, რომ ბაზარი არ აქვს ქართულ კივს, დომინირებს ირანული კივი. ბაზარში შესულ მომხმარებელს არ აქვს არჩევანი იმპორტირებულ და ქართულ კივის შორის. თბილისსა და ცენტრალურ ქალაქებში ყველას აწერია ზუგდიდის, აჭარის, გურიის კივი, რეალურად არის ირანული და თურქული კივი. არ არის ამ შემთხვევაში მეკივე ფერმერი დაცული. ეს დაცვა ზუსტად რომ, სახელმწიფოს ევალება. სახელმწიფომ უნდა დაიცვას თითოეული მეკივე“, - ამბობს საქართველოს კივის მწარმოებელთა ასოციაციის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ექსპორტზე გავიდა 280 ტონა კივი, ჯამში დაახლოებით 1.1 მილიონ დოლარის ღირებულების. 2022 წელს ექსპორტირებულია 125 ტონა კივი, რის ღირებულებამაც 323 ათასი დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, აქაც მატებაა, თუმცა მცირე რაოდენობით. კერძოდ, 2022 წელს საქართველოში შემოვიდა 1,143 მილიონი ლარის ღირებულების 2 619 ტონა კივი, 2023 წელს კი 1,320 მილიონი დოლარის ღირებულების 2 684 ტონა.

მერი ტაბატაძე