გზები, სადაც უამინდობის გამო შეზღუდვები მოქმედებს

ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გზის ზოგიერთ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვები იმოქმედებს ხაშური-ახალციხე-ვალეს, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის გზების მონაკვეთებზე; ასევე, ნაქერალას უღელტეხილსა და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და შეზღუდული ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ51–კმ97 (აწყური-ვალე) მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთსა და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნაქერალას უღელტეხილზე კი აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთს, უწყების ცნობით აქ ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.