"საზმაუწყებელს" პლენარული, ბიუროსა და კომიტეტის სხდომების ტრანსლირება კანონით დაევალება

"საზოგადოებრივ მაუწყებელს" პარლამენტის პლენარული, ბიუროსა და კომიტეტის სხდომების ტრანსლირებას კანონი დაავალდებულებს.

რასაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დღემდე ნებაყოფლობით ახორციელებს, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ჩაიწერება.  ინიციატივა, რომელიც პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძეს ეკუთვნის. დეპუტატის განმარტებით, პროექტზე მუშაობისას გამოითქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით მთავრობისა და ფრაქციების სხდომების ტრანსლირებაც მომხდარიყო, თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნულ ფორმატებში შესაძლოა, განიხილებოდეს საკითხები, რომელთა ღია ეთერით გადაცემა მიზანშეწონილი არ არის, ინიციატივა პროექტში არ აისახა.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი" პარლამენტის პლენარული, ბიუროს, საკომიტეტო სხდომების ტრანსლირებას ისედაც უზრუნველყოფს, თუმცა ის რაც ხდება დე ფაქტოდ, განმტკიცებული იქნება კანონით. თუკი მოვა ხელისუფლება, რომელიც გამჭირვალობისკენ მიდრეკილი არ იქნება, პარლამენტის საქმიანობის ღიაობას კანონი უზრუნველყოფს", - აცხადებს ელისო ჩაფიძე.