პრეზიდენტი სემეკის წევრობის კანდიდატებს ერთი თვის შემდეგ შეარჩევს

პრეზიდენტი სემეკის წევრობის კანდიდატებს ერთი თვის შემდეგ შეარჩევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა ენერგეტიკისა და ეკონომიკის დარგის ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დღეს დავიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატის შერჩევას. როგორც მოგეხსენებათ პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა დაუშვა ფაქტი, რომ არა თავად წარადგინოს კანდიდატები, არამედ კანდიდატების წარდგენასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს, ექსპერტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან დაკავშირებით იყო. დღესაც იგივე პროცესია, როდესაც პრეზიდენტი აზრს ეკითხება შესაბამისი სფეროს სპეციალისტებს. ძირითად კრიტერიუმებად ამ შემთხვევაში გამოიკვეთა, ბუნებრივია, პროფესიონალიზმი შესაბამის სფეროში, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და გარკვეული ტიპის პროფესიები, რომლებიც ენერგეტიკის სივრცეს უკავშირდება. დღეს იყო პირველი შეხვედრა, თუმცა ეს პროცესი გაგრძელდება, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში და ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში კანდიდატები შერჩეული იქნებიან დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში ორი წევრის პოსტია ვაკანტური. გარდა ამისა, ერთ წევრს მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს ეწურება ვადა.