თითქმის 3-ჯერ შემცირებული შემოსავალი - რა ქონება ფლობს ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომელიც მის შემოსავლებს, ხარჯებსა და ფინანსურ ვალდებულებებს ასახავს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.

„2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოს მეთაურის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალმა 10,825 მლნ გრივნა (286,000 დოლარი), ხოლო 2022 წლის დეკლარაციით, 3,693 მლნ გრივნა (97,570 დოლარი) შეადგინა,“ - წერია განცხადებაში.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, „2022 წელს უკრაინაში რუსული სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შედეგად იჯარის ხელშეკრულებების დროებითი შეწყვეტის გამო“ ზელენსკის ოჯახის შემოსავალი შემცირდა.

„ვოლოდიმირ ზელენსკის ოჯახის შემოსავალი 2021 წელს, ძირითადად, ხელფასს, საბანკო პროცენტსა და უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებულ შემოსავალს შეადგენდა. ჯამში ეს თანხა 5,465 მლნ გრივნაა (144,382 დოლარია). პრეზიდენტის ოჯახის შემოსავალი 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, 11,92 მლნ გრივნით (293,050 დოლარით) შემცირდა. ასევე, 2021 წლის ბოლოს სახელმწიფო მეთაურის ოჯახის ფულადი სახსრების ნაშთი შემცირდა,“ - აცხადებს პრეზიდენტის ოფისი.

უწყების ცნობით, ზელენსკი მრავალი სავაჭრო ნიშნის მფლობელად რჩება, „კერძოდ, 2021 წელს 22 სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტად მის არჩევამდე დაიწყო.“

პრეზიდენტის ოფისი ხაზგასმით აცხადებს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის ზელენსკის ოჯახის ფულადი სახსრების ნაშთი, თითქმის, 1,8 მლნ გრივნით (47,558 დოლარით) შემცირდა.

„2021 და 2022 წლებში აქტივების, უძრავი ქონების, ავტომობილებისა და სხვა საკუთრებაში ცვლილებები არ მომხდარა,“ - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის: გასული წლის 5 სექტემბერს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონპროექტი (№9534) ელექტრონული დეკლარირების აღდგენის შესახებ, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს სავალდებულო არ იყო. კანონი თანამდებობის პირების მიერ როგორც მიმდინარე, ასევე, 2021-2022 წლების დეკლარაციების წარდგენას ითვალისწინებდა. ამასთან, დეკლარაციების რეესტრი კიდევ ერთი წლით უნდა დახურულიყო, რასაც მხარი 329-მა სახალხო დეპუტატმა დაუჭირა. თუმცა 12 სექტემბერს ზელენსკიმ კანონს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ დეკლარაციები ერთ წელიწადში კი არა, დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას. იმავე დღეს მან პარლამენტს თავისი წინადადებები წარუდგინა, ხოლო 20 სექტემბერს დეპუტატებმა ახალი კანონპროექტი 341 ხმით მიიღეს. 10 დეკემბერს უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ დეკლარაციების რეესტრზე საჯარო დაშვება გამოაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი 2019 წელს გახდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ