ჩრდილოეთ კორეა, ჰაიტი, სირია - რომელია მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული 10 ქვეყანა

2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ქულით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია - ამის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება. ქვეყნები ფასდება 100-ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0 უარყოფითი შედეგია.

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.

2023 წლის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა აქვს. რეიტინგის მიხედვით, სომხეთს აქვს 47 ქულა, რუსეთს - 26 ქულა, აზერბაიჯანს - 23 ქულა, თურქეთს კი 34 ქულა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებული ქვეყნების რეიტინგს:

  • სომალი - 11 ქულა;
  • ვენესუელა - 13 ქულა;
  • სირია - 13 ქულა;
  • სამხრეთ სუდანი - 13 ქულა;
  • იემენი - 16 ქულა;
  • ნიკარაგუა - 17 ქულა;
  • ჩრდილოეთ კორეა - 17 ქულა;
  • ჰაიტი - 17 ქულა;
  • ეკვატორული გვინეა - 17 ქულა;
  • თურქმენეთი - 18 ქულა.

რაც შეეხება ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნების ხუთეულს, ასე გამოიყურება დანია - (90 ქულა); ფინეთი (87 ქულა); ახალი ზელანდია (85 ქულა), ნორვეგია (84 ქულა) და სინგაპური (83 ქულა).

იხილეთ ასევე: ყველაზე დაბალი 2015 წლის შემდეგ - კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს პოზიცია 3 ქულით გაუარესდა