„იაფი ფქვილის იმპორტმა შეიძლება ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“

იაფი ფქვილის იმპორტმა შეიძლება ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს - აცხადებს „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ წისქვილკომბინატ „ბარაქას“ დირექტორი, ლადო ბიძინაშვილი და იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.

მისი თქმით, საიმპორტო გადასახადი აბალანსებს რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ გადასახადს, რის შედეგადაც ადგილობრივი წისქვილკომბინატები აგრძელებენ მუშაობას, ხორბლის მწარმოებლებმა კი 2023 წლის ივნისიდან, 50 000 ტონა ხორბალი ჩააბარეს.

„პირველ რიგში, საიმპორტო გადასახადი დამაბალანსებელი გადასახადი იყო, რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის საპირწონედ. მას საკმაოდ დადებითი შედეგი მოჰყვა, გადასახადით ბიუჯეტში 22 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, სულ ხორბლის მწარმოებლებმა 50 000 ტონა ქართული ხორბალი ჩააბარეს და წისქვილკომბინატებმა მუშაობა დაიწყეს“, - აღნიშნავს ლადო ბიძინაშვილი.

ის ასევე საუბრობს პურის ფასზე და ამბობს, რომ პური არც გაძვირებულა და თუ ერთი ტომარა 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 52 ლარს არ ასცდება, არც გაძვირდება.

„ჩვენი შეთანხმება შემდეგნაირი იყო - 1 ტომარა 50 კგ-იანი პირველი ხარისხის ფქვილის ფასი თუ არ იქნებოდა 52 ლარზე ზევით, საბოლოო პროდუქტის, იგივე პურის ფასი არ გაიზრდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ფასი ძირითადად 50 ლარის ფარგლებში მერყეობდა და შესაბამისად, ის არ გაძვირებულა“, - განაცხადა წისქვილკომბინატის დირექტორმა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ საიმპორტო გადასახადი 1-ლი მარტის შემდეგაც გაგრძელდეს, რადგან ამას კიდევ უფრო კარგი შედეგი ექნება გრძელვადიან პერსპექტივაში და ის ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე დადებითად აისახება.

„ეს საიმპორტო გადასახადი ბევრი დადებითი ეფექტის გამო აუცილებლად უნდა გახანგრძლივდეს, ვინაიდან იგი აბალანსებს რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის დამატებით გადასახადს, ხოლო იაფი ფქვილის იმპორტმა შეიძლება ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს“, - ამბობს ლადო ბიძინაშვილი.

ბაჩანა ტყემალაძე